2018-01-16

ზაზა ჯალაღონია 23 წლისაა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. სწავლა დიდად არ უყვარდა, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში არც ჩაუბარებია, სახლის საქმეებით იყო დაკავებული, ერთ დღესაც კი მეფუტკრეობის სწავლა და ფუტკრის მოშენება გადაწყვიტა.

როგორც ის „მშობელთან“ საუბარში ყვება, მაშინ 18 წლის იყო, მეფუტკრეობის შესწავლა მეზობელმა შესთავაზა და ისიც დასთანხმდა, რადგან აინტერესებდა.

მეზობელთან 4 წელი ისწავლა, შემდეგ კი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთწლიანი კურსიც გაიარა.

პირველი ოჯახიც იმავე მეზობელმა აჩუქა და სულ მალე 25 ოჯახამდე გაამრავლა, თუმცა ჯარში მოუწია წასვლა, ამ ხნის განმავლობაში კი ფუტკრები მოუვლელობის გამო დაეხოცა.

„ჯარის დამთავრების შემდეგ ისევ მივუბრუნდი ჩემ საქმეს, ახლა ჯერჯერობით 20 ოჯახი მყავს, ამომაქვს თაფლი, დინგგელი, ფუტკრის რძე, სანთელი. ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. მინდა უფრო გავაფართოვო საქმიანობა. ახლა შემოსავალი არც ისე ბევრია 500-დან 1000 ლარამდე, მაგრამ ოჯახების გამრავლებასთან ერთად გაიზრდება. ჯერჯერობით მხოლოდ ნაცნობებში ვყიდი. ოჯახებს მანამ გავამრავლებ, სანამ რესურსი და ამის შესაძლებლობა მექნება“, - აცხადებს ზაზა.

სტარტაპი