2018-04-16

მარიამი და ანასტასია მეგობრები არიან, ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს და კერძებისა და ცხობის სიყვარული, ერთმანეთთან საქმით დააკავშირეს. ორივე დედა-დიასახლისია, თუმცა ფიქრობენ რომ ეს არ უშლის მცირე ბიზნესის წარმოებას ხელს. საყვარელი საქმიდან გამომდინარე, სწორედ ცხობით დაიწყეს ბიზნესი და ახლა „მშობელს“ მათ ისტორიას მოუყვებიან.

ტასო

- ჩვენი ისტორია ძალიან საინტრესოდ დაიწყო, რუსთავის ჯგუფში ვიკითხე სამშობიაროს შესახებ და მარიამი იქ გავიცანი, შემდეგ ძალიან დავახლოვდით. სანამ  ერთმანეთს ვნახავდით, სულ ცხობაზე და საჭმელებზე ვლაპარაკობდით, ორივეს ძალიან გვიყვარს ცხობა და სამზარეულოში ტრიალი. შეიძლება ითქვას ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ასე დაგვაახლოვა.

მარიამი

- ახალი წლის წინა პერიოდში მე და ტასომ რამოდენიმე ვიდეოს ვუყურეთ, სადაც ორცხობილებს ხატავდნენ. რა თქმა უნდა მანამდეც გვქონდა ნანახი, მაგრამ უკვე დაგვაინტერესა ზემოდან რით ხატავდნენ იმ მასას რა ერქვა, ბევრი რომ არ გავაგრძელო მოვიძიეთ სახელწოდებაც და რეცეპტიც. სახელდახელოდ ორცხობილები დავაცხეთ და გავაკეთეთ აისინგი.  დავსვით რგოლები ვარსკვლავებზე და თან ბავშვებივით გვიხაროდა. აღარც კი მახსოვს რომელს მოგვივიდა იდეა - კარგად  „დაგვემუღამებინა და საახალწლოდ გაგვეყიდა.

ტასო

- ჩვენს ბედზე ერთ-ერთ  მაღაზიაში საახალწლო ორცხობილების ფორმები ვნახეთ, მაშინვე გავაკეთეთ გვერდი ფეისბუქზე და დავდეთ ჩვენი პირველი ნამუშევრები. პირველად დაგვიკავშირდა  მამაკაცი, რომელმაც ცოლისთვის გულები შეუკვეთა, ვერ წარმოიდგენთ როგორ გაგვეხარდა. მართალია საერთოდ არ იყო დახვეწილი და უნაკლო ნამუშევრები, თუმცა ყველა მოიხიბლა ვიზუალითაც და გემოთიც.

მარიამი

- ახლა რომ ვუყურებთ ჩვენს პირველ ორცხობილებს გვეცინება კიდეც, თუმცა ნელ-ნელა გვერდს ლაიქები ემატებოდა და საახალწლოდ საკმაოდ ბევრი ორცხობილა დავამზადეთ სხვადასხვა დიზაინით. კმაყოფილმა მომხმარებლებმა კი სხვებსაც ურჩიეს, ოცამდე ადამიანს გავულამაზეთ და გავუგემრიელეთ ახალი წლის დღესასწაული.

ტასო

- სამუშაოს ძირითადად ღამე ვასრულებთ, რადგან პატარა შვილები გვყავს და დღისით ფიზიკურად არ ხერხდება. თითოეულ ორცხობილას დიდი ყურადღებით მოხატვა სჭირდება, რომ შეძლებისდაგვარად იდეალურად გამოიყურებოდეს.

მარიამი

- ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ხან მე ვაცხობ და ტასო ხატავს ან პირიქით, როგორც მოგვიხერხდება... აღდგომის წინა დღეებში საკმაოდ მსხვილმა კომპანიამ მოგვცა დიდი შეკვეთა თემატურ ორცხობილებზე. მე პატარა მყავდა ცუდად და თითქმის ყველა ტასომ გააკეთა, რაც ჩემი გადმოსახედიდან გმირობის ტოლფასია. მე მხოლოდ 40 ცალი მოვხატე. შედეგით კი ყველა კმაყოფილი დარჩა,, იმდენად კმაყოფილი რომ საახალწლოდ უკვე გაგვაფრთხილეს ანალოგიურ შეკვეთაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ორცხობილების შემადგენლობაშია კვერცხი, კარაქი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და საკვები საღებავი. აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქტი უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც. რაც მთავარია მზადდება  ხარისხიანი პროდუქტებით და დიდი სიყვარულით.

დაკავშირება და შეკვეთა ნებისმიერ მსურველს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.