2020-05-11

ყოველ ადამიანში არის ნიჭი, რომელიც განვითარებას საჭიროებს. ხშირად თავად ვერ ვხვდებით, ან ვხვდებით და ვერ ვბედავთ, სწორედ ამიტომ სჭირდება მას სტიმულირება...

„მშობელი“ სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთვევაზე მოგიყვებათ. ჩვენი რუბრიკის სტუმარია 27 წლის ანა რევაზიშვილი, რომელიც დღეს უკვე საბავშვო ფოტოსტუდიისთვის ქმნის დეკორაციებს.

მისი, ჯერჯერობით მცირე ბიზნესის ისტორიაც, სწორედ ამ ფოტოსტუდიას (smile studio) და მის შემქმნელს ხათუნა თოდუას უკავშირდება.

„პროფესიით ვარ იურისტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევქმენი ოჯახი და პატარას დაბადებიდან მთელი ჩემი დრო, ყველაზე დიდ ბედნიერებას, სახელად ელენეს დავუთმე. ხელნაკეთი ნივთების კეთება ყოველთვის მიყვარდა, ამაში დიდი როლი დედას მიუძღვის. ბავშობიდან ვუყურებდი როგორ ქმნიდა გულმოდგინედ სასწაულ ნივთებს... არ არსებობს ისეთი რამ, რაც მის ხელს არ გამოუვა. აქედან გამომდინარე ბავშობიდან საოცარი მასწავლებელი მყავდა... პატარას დაბადების შემდეგ აქტიურად დავიწყე მისთვის საკუთარი ხელით შემექმნა აქსესუარები და საჭირო ნივთები... ხელით ავუწყვეთ ფაქტობრივად ყველა დეტალი, რაც კი ახალშობილს ესაჭიროება... როგორც ყველა დედას, მინდოდა პირველი დაბადების დღე სამახსოვროდ დარჩენოდა და აღმოვჩნდით ხათოს საოცარ სტუდიაში, სადაც ნამდვილად ოჯახურო გარემოა. ხათოსთან მივედით ჩვენი შექმნილი დეტალებით და აი, აქედან დაიწყო ყველაფერი. ელენეს “ერთიანი” გავუკეთე, პირველი მცდელობა იყო და დიდი შრომა ჩავდე, ყველა დეტალი იდეალურად რომ ყოფილიყო... როდესაც წვეულებამ ჩაიარა და ეს ციფრი დაგვრჩა სახლში, ხათუნას ვანახე და ისე მოეწონა, სტუდიისთვის შეიძინა. ეს იყო ჩემი პირველი მარკეტინგული სვლა. იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რადგან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთი, საუკეთესო ფოტოგრაფმა და სტუდიის მფლობელმა შეიძინა. ეს იყო ძალიან დიდი ბიძგი ჩემთვის. მან ჩემთვის წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთა, ეს ნამდვილად ასეა, რადგამ ამ ცხოვრებაში ბევრს ვერ შეხვდებით მისნაირ კეთილ ადამიანს... საუკეთესო პიროვნებაა, თავის საქმის პროფესიონალი, არაჩვეულებრივი დედა და მეგობარი. რომ არა ხათო ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ დავიწყებდი... მისი ძალისხმევით ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა “Best wishes”, რომელიც ნამდვილად ჩემი შვილობილია“.

 

ანას საქმიანობაში დედა ეხმარება, ისინი ერთად ქმნიან აქსესუარებს, თუმცა 2 წლის ელენე დედისგან სრულიად სამართლიანად მოითხოვს მის კუთვნილ დროს.

„დიდი ძალისხმევაა საჭირო პატარასთან ერთად ამ ყველაფრის საკეთებლად, იმის გათვალისწინებით რომ დამხმარე არავინ მყავს. ფაქტიურად სახლში სულ მარტო ვართ... მასთან ერთად კეთდება ყველაფერი, მასალის შეძენაც კი ... ყველგან ჩემი თანამგზავრია და მისი პატარა ხელებით ცდილობს უკვე იყოს ჩემი დამხმარე. ძალიან გონიერი ბავშვია და იცის როცა ვმუშაობ, მშვიდად ყოფნით უნდა დამეხმაროს... ფაქტობრივად, ყველაზე დიდი როლი ენიჭება მას, რადგან გაგებით ეკიდება დედიკოს საქმიანობას და ამით ძალიან მეხმარება“.

“Best wishes” - ის მთავარი მიმართულება ჯერჯერობით საბავშვო ახალშობილთა აქსესუარებია, თუმცა ანა სამომავლოდ გაფართებას გეგმავს.

„ჯერ ძალიან პატარები ვართ ამიტომ, ენერგიას არ დავიშურებ, რომ ბრენდი უფრო მეტად გაიზარდოს და წარმატებული გახდეს. თავდაუზოგავად ვცდილობ იყოს მრავალფეროვანი, როგორც საბავშვო, ისე დიდებისთვის განკუთვნილი ნივთებით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფერების შერჩევას, ყველა დეტალი ხავერდოვნად უნდა ჯდებოდეს ერთმანეთში, რაც ნამდვილად დებს საბოლოოდ ულამაზეს შედეგს. ძირითადად ჩვენი ბრენდი გათვლილია ჩვილი ბავშვების აქსესუარებზე, თუმცა ნელ-ნელა ვამატებთ ბევრ სიახლეს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა რიცხვს. უკვე საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს, გვერდი თითქმის 8 ათასმა ადამიანმა მოიცვა, რაც ძალიან მახარებს“.

ანა სხვებსაც ურჩევს ცხოვრებაში ჯერ საკუთარი თავი იპოვონ და აკეთოს ის, რაც აბედნიერებთ.

"აუცილებლად გამოიყენეთ ყველაზე პატარა შანსიც კი, რასაც ცხოვრება გაძლევთ! მთავარია მიზანი და მონდომება, თუ მოინდომებ და იშრომებ, მე მჯერა რომ ყველაფერი გამოვა".

ირინე არდაშელია, სპეციალურად "მშობელისთვის"

 

სტარტაპი