2019-07-22

როგორ განვუვითაროთ ბავშვს მოთმინების უნარი? - მშობლების უმეტესობას ეს საკითხი ძალიაინ აწუხებს.

როცა ბავშვს რაღაც უნდა, უმეტეს შემთხვევაში სურვილის მყისიერ ასრულებას მოითხოვს. არანაირი ახსნა, მოფერება, მშვიდად ლაპარაკი არ ჭრის.

როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? - „მშობელი“ ფსიქოლოგ მანანა პაჭკორიას გაესაუბრა. ის აგიხსნით, თუ როგორ უნდა მართოთ ბავშვის არასასურველი ქცევები და როგორ გამოუმუშავოთ მას მოთმინების უნარი.

„აღზრდის პროცესში, ბავშვის პოზიტიური და სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მშობლისგან მოთმინების განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს. ოჯახში არსებული განწყობები, ტრადიციები დაა აღზრდის სტილი გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ქცევით განვითარებაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობელს ეცოდინება ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები. ეს მას შვილთან ურთიერთობას გაუადვილებს. როდესაც მშობლები შვილების გაუცხოებაზე, ხასიათის ცვლილებაზე, გულჩათხრობილობაზე საუბრობენ, ხშირად ამგვარ ცვლილებებს კრიზისული პერიოდები განაპირობებს, რაც განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლით აიხსნება. გარემოს ცვლილებაც ბავშვის ხასიათის ლაბილურობის ერთ-ერთი მიზეზია. მაგალითად: ბაღში ან სკოლაში მისვლის პერიოდში ბავშვს ადაპტაციის გავლა უწევს, სანამ გარემოს შეეჩვევა, ამიტომ ემოციური არაერთგვაროვნება ამ ასაკისთვის ნორმალურია. ბავშვის პრობლემური ქცევა პირდაპირ მანიშნებელია იმისა, თუ რა აწუხებს მას. ამ დროს მშობელი უნდა იყოს ყველაზე მეტად მომთმენი, ავტორიტეტული და კომპეტენტური - შეეძლოს ბავშის ქცევის გამიჯვნა მისი პიროვნებისგან, ქცევის შეფასება და არა ნეგატიური იარლიყების მიწებება, რაც ხელს უშლის ბავშვის ნიჭის და უნარების განვითარებას. ყველა პრობლემურ ქცევას აქვს კონკრეტული მიზანი: ან ყურადღების მიქცევა, ან სასურველის მიღება, ან თავის დაღწევა. ამიტომ, როდესაც ბავშვი გამომწვევად ან მიუღებლად იქცევა, ყოველთვის უნდა გავიგოთ, რა მიზანი აქვს ამ ქცევას - რისი მიღწევა სურს მას“.

როგორ შევამციროთ მიუღებელი ქცევის გამოვლენის ინტენსივობა? – „ყველაზე ეფქტურად იგნორირების სტრატეგია მუშაობს. როცა უფროსები ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის წუწუნს და მოთხოვნას. მაგ: როდესაც ბავშვი ითხოვს სასურველი ნივთის ყიდვას და თქვენ არ თვლით საჭიროდ შეძენას, ამ დროს არ აქცევთ ყურადღებას ბავშვის მოთხოვნას. ერთხელ აუხსნით და გაახმოვანებთ მის ემოციებს: „მესმის რომ გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაგრამ ახლა ვერ გიყიდი“. მიუხედავად მისი მოთხოვნებისა, მეტად აღარ შედიხართ კონტაქტში. მოთხოვნის იგნორირებისას, ბავშვს არ ეჩხუბებით, არ ეფერებით, არ უკითხავთ მორალს, საერთოდ არაფერს ეუბნებით. ამ დროს, უნდა გადაიტანოთ ბავშვის შემოტევა და დაკავდეთ თქვენი საქმით, ვითომ არ გესმით რა ხდება.  იმისათვის, რომ მიუღებელი ქცევა აღარ განმეორდეს, აუცილებელია ოჯახის წევრი უფროსების ერთიანი სტრატეგია, აღზრდის ერთი სტილის გამომუშავება. მიუღებელია, როცა ერთი უკრძალავს და შენიშვნას აძლევს, მეორე კი ეფერება. არათანმიმდევრული აღზრდის სტილი, არაადეკვატური მოლოდინები ბავშვის ემოციურ და ქცევის პრობლემებს უფრო მეტად უწყობს ხელს“.

როგორ განუვითაროთ ბავშვს მოთმინების უნარი? – „ყველაზე მეტად, მოთმინების უნარის გამომუშავება შესაძლებელია თამაშებით და წახალისებით. თამაშის დროს ბავშვი წესების დაცვას სწავლობს, თანამშრომლობს სხვებთან, დათმობას ეჩვევა, მოგებისკენ ისწრაფვის და წაგებასთან შეგუებას ცდილობს. სპეციალურად შერჩეული, ასაკის შესაბამისი მოძრავი თამაშების რეგულარულად ჩატარება, ხელს უწყობს მოთმინების უნარის გამომუშავებას. თუ ასეთი თამაშები წახალისებელია უფროსების მხრიდან, პოზიტიური ქცევის განმტკიცებაც უფრო ადვილია. როდესაც თამაში და ნებისმიერი აქტივობა ბავშვის სოციალური უნარის გამომუშავებაზე არის მიმართული, მშობელი ის როლური მოდელია, რომელმაც პროსოციალურობის მაქსიმუმი უნდა ანახოს, რადგან ბავშვები მშობლების ქცევით პატერნებს ავტომატურად ითვისებენ. კრიზისულ პერიოდებს მშობლები შვილებთან ერთად გადიან. თუ მშობელმა დროულად შეძლო მდგომარეობის შეფასება, ძველი განწყობების შეცვლა და ახალი, უფრო ეფექტური მეთოდით ჩანაცვლება, ეს ეტაპიც მარტივად გადასალახი იქნება, მაგრამ თუ ძველი ფორმების შენარჩუნება გააგრძელა, პრობლემას უფრო გაამწვავებს და შვილის მიმართ უფრო მეტად გაუცხოვდება. რაც უფრო მეტი სიყვარული და სითბოა ოჯახში, რაც უფრო მეტად გამოხატავენ ბავშვები საკუთარ ემოციებს, მით უფრო სრულფასოვანია მათი განვითარება და გარემოში ადაპტაცია“.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

სპეციალურად „მშობელისთვის“

რჩევები