2019-02-27

თითქმის ყველა მშობელი ამბობს,  რომ ბავშვის ქცევები გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. გასაკვირი არაა, რომ ამ საზღვრებს ყველა მშობელი სხვაგვარად აღიქვამს. და მაინც, რა არის თქვენთვის მიუღებელი ქცევა? „მშობელი“ ფსიქოლოგ  მანანა პაჭკკორიას  გაესაუბრა, რომელიც აგვიხსნის, როგორ უნდა გავმიჯნოთ ბავშვის მისაღები ან მიუღებელი ქცევა, როგორ მივუდგეთ სწორად.

„როგორც ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი, თომას გორდონი ამბობს, კარგი მშობლისთვის  აუცილებელი არ არის ყოველთვის  თანმიმდევრული და მტკიცე იყოს  ბავშვის აღზრდის პროცესში, უარი თქვას ადამიანურ სისუსტეებზე ან იყოს უპირობოდ დამთმობი. ბავშვებს სურთ მშობლებში დაინახონ ადამიანები თავიანთი სისუსტეებით და ბუნებრიობით“.

ფსიქოლოგის თქმით, ბუნებრიობა და გულწრფელობა არის ის, რაც ქმნის მშობლის ავტორიტეტს შვილის თვალში და თავის მხრივ,  ეხმარება მშობელს საკუთარი ემოციების  სწორად შეფასებაში - რა მოტივი ჰქონდა მის გაბრაზებას, შფოთვას, შიშს? რატომ იყო  ბავშვის ესა თუ ის  საქციელი კონკრეტულ სიტუაციაში მისაღები, სხვა დროს  კი მიუღებელი?

„თუ მშობელი გარკვეულ მომენტში ენერგიით სავსე, ჯანმრთელი და საკუთარი თავით კმაყოფილია, მისთვის შვილის ქცევათა უმრავლესობა მისაღებია,  მაგრამ თუ  გამოუძინებელია, დაღლილია ან  გაბრაზებული, მას შვილის ქცევების უმრავლესობა აღიზიანებს. ყველა მშობელი შვილების ქცევას სტუმრობისას უფრო ძნელად ამართლებს, ვიდრე ოჯახურ სიტუაციაში.  ხშირად ბავშვი ვერ იგებს, რატომ ბრაზდება მშობელი სტუმრად ყოფნისას მის მანერებზე, თუ იგივე ქცევები  ოჯახში მისაღებია. ბევრი მშობლისთვის საკმაოდ ძნელია დაძინებისას ჭირვეული, ან უმიზეზოდ მტირალა ბავშვის ქცევის მიღება. ზოგს უფრო უჭირს აქტიური, ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი, მოკირკიტე შვილის ქცევების მიღება, ვიდრე პასიურის და დამოკიდებულის. უდავოა, რომ მშობლები აღზრდის პროცესში არათანმიმდევრულები იქნებიან. მათი გრძნობები ყოველდღიურად, სიტუაციის მიხედვით  თითოეულ შვილთან მიმართებაში იცვლება“.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

„მნიშვნელოვანია საკუთარ გრძნობებზე, განწყობებზე დაკვირვება და მათი დაუფარავად  აღიარება. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ გულწრფელობას და თანაგრძნობასაც გამოხატავენ. თუკი მშობელი დაღლილია და არ აქვს ზღაპრის წაკითხვის ენთუზიაზმი, უმჯობესია პატიება ითხოვოს და მიზეზი ახსნას, ვიდრე თავი ენერგიულად მოაჩვენოს-არავერბალური სიგნალით მაინც  ამცნოს  შვილს, რომ ზღაპრის წაკითხვა მშობელს დიდად   არ სიამოვნებს“.  

როგორ გავმიჯნოთ მისაღები და მიუღებელი ქცევა

„მშობელმა ბავშვის საქციელი და პიროვნება,  თავისი განწყობის  ემოციური და  რაციონალური  საფუძველი, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს, რათა უფრო შემწყნარებელი გახდეს შვილის საქციელის  მიმართ. მშობლისთვის  მიუღებელი  უნდა იყოს  კონკრეტული ქცევა  კონკრეტულ მომენტში და  არა ბავშვის პიროვნება. თუ ბავშვი ტანსაცმელს იატაკზე მიაგდებს, ეს ქცევაა.  ბავშვის „ფეთხუმად“ მონათვლა ამ ქცევის შეფასება და განმტკიცება. რაც უფრო ნაკლებად განმტკიცდება არასასურველი ქცევა, მით უფრო ადვილია მისი შეცვლა. თუკი მშობლისთვის  შვილის ქცევათა უმრავლესობა მისაღებია, ბავშვი იზრდება რწმენით, რომ, მისი პიროვნება მისაღებია და თუ პირიქით, მუდმივად შენიშვნებს იღებს, ფიქრობს რომ მისი პიროვნება მიუღებელია”.

როგორ შეიძლება, რომ ავირიდოთ მუდმივი შენიშვნები და უკმაყოფილება

„მუდმივ შენიშვნებს თავი რომ ავარიდოთ, ბავშვმა უკეთესია წინასწარ იცოდეს რა ელის არასასურველი ქცევის განხორციელების შემთხვევაში. ოჯახი  წინასწარ უნდა შეთანხმდეს, რა ქცევებია მიუღებელი და რომელ ქცევებზე ექნებათ ბავშვებს სანქცია. მაგალითად: ბავშვმა იცის, რომ ჯერ გაკვეთილები უნდა მოამზადოს და შემდეგ ჩავიდეს ეზოში ან კომპიუტერთან ითამაშოს. სანქცია ერთგვარი ბერკეტია, თუმცა წახალისება გაცილებით ეფექტურია. წახალისება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს რომელი ქცევაა სასურველი. წახალისება - ეს იქნება მოწონება, შექება თუ ნდობის გამოხატვა, არის პოზიტიური აღზრდის ამოსავალი, რომელიც ნებისმიერ ბავშვთან განურჩევლად ასაკისა, ტემპერამენტისა და ხასიათისა კარგად მუშაობს. სანქცია-წახალისების  ადეკვატური მონაცვლეობა სწორი  აღზრდის ამოსავალია.

და ბოლოს, როგორც ასეთი, აღზრდის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს, არსებობს სხვადასხვა მიდგომა და მათი კომბინიებული გამოყენება უკვე მშობლის პრეროგატივაა.

 - ნუ შეეცდებით ბავშვის სრულყოფას, შეეცადეთ სრულყოფილი ურთიერთობის დამყარებას მასთან!

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

 

 

რჩევები