2019-01-21

ორგანიზაცია "მშობლების განათლებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თაია მახარაშვილი ორსულებს და იმ გოგონებს, რომლებიც მომავალში დედობას გეგმავენ, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

"ამ საყოველთაო უბედურების ფონზე, ვინაიდან უპასუხისმგებლობაზე და გულგრილობაზე ვლაპარაკობთ, მინდა, რომ ჩემი საფიქრალი და უფრო გაფრთხილება გაგიზიაროთ. განსაკუთრებით ორსულებს ან იმ გოგოებს, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს დედობის ბედნიერება.
1. შეიძლება დაბალწნევიანი ხართ, მაგრამ როცა ორსული იქნებით, დაივიწყეთ ეგ და კვირაში ორი-სამჯერ მაინც გაიზომეთ წნევა. თუ ისე აღმოჩნდა, რომ მესამე-მეოთხე თვიდან წნევა ასცდა 110-ს და წავიდა 130-ისკენ, შეიძლება თქვენ ამან არ შეგაწუხოთ, მაგრამ აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ კარდიოლოგს, შეამოწმეთ კოაგულოგრამა (D დიმერით) და გაიკეთეთ ორი გამოკვლევა: 1. თრომბოფილიების გამომწვევ გენეტიკურ მუტაციაზე (ჯანმრთელობის სახლში კეთდება) 2. ანტიფოსფოლიპიდურ კომპლექსზე (შტუტგარტის ლაბორატორია აკეთებს) რომელიც არ უნდა დაგიფიქსირდეთ, ყველა ვარიანტში საჭირო გახდება ფრაქსიპარინის ან კლექსანის დანიშნვა და არ შეგეშინდეთ, ეს სრულიად უწყინარი რამაა. მართეთ წნევები კარდიოლოგთან ერთად, ოღონდ თუ ამ ყველაფრის თაობაზე თქვენი მეანი ხელებს გაგისავსავებთ, იცოდეთ, რომ უპასუხისმგებლო არაპროფესიონალია და არ ენდოთ. წნევების დაფიქსირება ორსულობაში პრეეკლამფსიაში გადადის, რასაც შედეგად სისხლის მიმოქცევის მოშლა და ბავშვის იძულებითი შიმშილი მოჰყვება. ამან კი ნაყოფის გულის გაჩერება ან ნაადრევი მშობიარობა შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, პრეეკლამფსია საშიშია ორსულისთვის, ვინაიდან ხშირად სწრაფად დამძიმებას, მოულოდნელ სისხლის ჩაქცევას, თირკმელების ფუნქციის მოშლას და სხვა პრობლემებს იწვევს.

2. თუ თქვენმა მეან-გინეკოლოგმა არ გითხრათ, იცოდეთ, რომ მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე მაინც (თუ ნაადრევი მშობიარობის რისკია, დაუყოვნებლივ) უნდა გაიკეთოთ ე.წ. GBS-ის ტესტი, რომელიც ამოწმებს საშვილოსნოს ყელში ინფექციების არსებობას. თუ ბაქტერიოლოგიურ კვლევაში გამოჩნდა რაიმე ინფექცია, მას აუცილებლად მოყვება ანტიბიოტიკოგრამა და თუ თქვენმა ექიმმა მაინც ვერაფერი გაიაზრა, არ დაივიწყოთ და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მშობიარობამდე 6 საათით ადრე მაინც (ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში ტკივილის ნიშნების გაჩენისთანავე), უნდა გაკეთდეს ამოთესილი ბაქტერიის გასამკლავებლად მითითებული ანტიბიოტიკი. სასურველია, იქამდე ვიდრე ეს დრო დადგება, ანტიბიოტიკის სინჯი გაიკეთოთ, რომ რეაქცია გამოირიცხოს. ამით თქვენ ბავშვს დაიცავთ ბაქტერიული ინფექციისგან, რამაც შეიძლება უმძიმესი გართულებები: სეფსისი, თავის ტვინის დაზიანება და საბოლოოდ ახალშობილის დაღუპვაც კი გამოიწვიოს. სამწუხაროდ, მე ეს კვლევა არავინ ჩამიტარა.

თუ ეს ყველაფერი არ იცოდით, არ დაკომპლექსდეთ. თუ ექიმი არაა, არცაა საჭირო ეს ვინმემ იცოდეს, მაგრამ ორი ე.წ. "პოპულარული" და "სახელოვანი" მეან-გინეკოლოგის, ერთი საშუალო დონის კარდიოლოგის და კიდე სხვა ჩართული პირების უყურადღებობამ მე ამ პრობლემების წინაშე დამაყენა. შედეგი რაც იყო, უმეტესობამ იცით. ეს ყველაფერი, მე თვითონ, მარტომ, ძალიან დიდი ბუნდოვანების, ექიმების ხელის აქნევის და გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად ბოლომდე გამოვიკვლიე, დავადგინე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი მაინც, როგორ ვცადო საკუთარი თავის და შვილების დაცვა ასეთი "პროფესიონალებისგან". გაითვალისწინეთ და ნუ დაივიწყებთ. განსაკუთრებით ბოლო პუნქტი ყველას თანაბრად ეხება", - წერს თაია მახარაშვილი.

რჩევები