2018-12-24

My Kind of Parenting-ის ბლოგში, გამოჩნდა ახალი პუბლიკაცია, სადაც  საუბარია, პირობითად, რატომ უნდა მივცეთ ხანდახან ბავშვს უფლება, ქურთუკი არ ჩაიცვას, როცა მას ეს არ უნდა.

„მიეცით ბავშვებს უფლება, რომ შეცდომები დაუშვან. ნუ აურევთ ერთმანეთში ნებართვის მიცემას და დანებებას, რომ აღზრდის საკითხებში "ჩაიჭერით".

ბევრჯერ განმიკითხეს იმის გამო, რომ ბავშვებს არჩევანის საშუალებსს ვუტოვებდი.

საერთოდაც, სასაცილოდ მიმაჩნია იდეა, რომ ბავშვს უნდა დავუგეგმოთ, რა და როგორ გააკეთოს.

ჩემი შვილები, 3 და 6 წლისები არიან. მათ უკვე იმ ასაკს მიაღწიეს, რომ თითქმის ყველაფერზე მეწინააღმდეგებიან - არ უნდათ თამაში მიატოვონ და სადილისთვის დასხდნენ, არ უნდათ კბილების გამოხეხვა,  ბოსტნეულის ჭამა.

ჯანმრთელობა და ჰიგიენა ის საკითხია, რომელიც კამათის  საგანი არ უნდა გახდეს, ამ დროს ჯობს მყარი პოზიცია გეჭიროთ. შეახსენეთ ბავშვებს ვინაა მთავარი.

ზოგ შემთხვევაში, მე მათ საშუალებას ვაძლევ რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, თუნდაც ეს ჩემს სურვილებს ეწინააღმდეგებოდეს.

არსებობს მშობლების კატეგორიები, რომლებიც ორ უკიდურესობაში ვარდებიან. არიან დედები, რომელთა სიტყვაც კანონია და განხილვას არ ექვემდებარება, ასევე არიან დედები, რომლებიც აძლევენ ბავშვს საშუალებას, გააკეთონ ყველაფერი რაც უნდათ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც შუალედურ პოზიციას არჩევს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იყო მშობელი - ეს  შუალედური, ნაცრისფერი ზონაა. შავ-თეთრი ცხოვრება კი მოსაწყენი, არაპრაქტიკული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

მე მჯერა, რომ უნდა მივცეთ ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან ამ გზით ისინი არასწორი საქციელის შედეგებს დაინახავენ.

მაგალითისთვის, ზამთარში ძალიან ცივა. საჭიროა ქურთუკის ჩაცმა, რომ სახლიდან მანქანამდე, შემდეგ კი მანქანიდან მაღაზიამდე მიხვიდე. ვაფრთხილებ ბავშვებს, რომ ქურთუკის გარეშე გაიყინებიან, თუმცა მაინც უარზე  არიან. ამ დროს ყველაზე კარგი გზაა, მივცეთ საშუალება რომ  არჩევანი გააკეთონ. შედეგების დანახვისას აუცილებლად ინანებენ რომ ქურთუკი არ ჩაიცვეს, შემთხვევა კი იშვიათად, ან საერთოდ არ განმეორდება.

ამ "ცდის" ჩატარება არაა საშიში, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ორი წუთის სიცივეში გატარების გამო ვინმე მომკვდარიყოს.

ზოგჯერ ამბობენ, რომ ასეთი მიდგომის გამო მე დავნებდი და ბავშვების აღზრდა არ შემიძლია, თუმცა აღზრდა სწორედ ისაა, რომ დაანახო ბავშვს როგორია ცხოვრება რეალურად. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია მომავლისთვის.

რეალურ ცხოვრებაში ჩვენს შვილებს მოუწევთ დაიჭირონ ვიღაცის მხარე, ან შეეწინააღმდეგონ, ამიტომ უმჯობესია  შედეგებზე ფიქრი ბავშვობიდანვე იცოდნენ.

ძალიან რთულია, თუმცა კარგია, რომ ახალი თაობის ბავშვები ხშირად გვიწევენ წინააღმდეგობას და საკუთარ პოზიციას არ თმობენ.

ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ გვცემენ,  ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ საკითხებთან ლოგიკურად მიდგომას.

თუ ბავშვს არ ესმის, როცა ეუბნებით: "ჩაიცვი ქურთუკი, იმიტომ რომ მე გეუბნები ასე“, ან არ ესმის "ჩაიცვი ქურთუკი, თორემ გარეთ გაიყინები“, დამერწმუნეთ, თუ მისცემთ უფლებას რომ ქურთუკი არ ჩაიცვას, აუცილებლად შეიგნებს რომ საფრთხე რეალური იყო. შემდეგ ჯერზე თქმაც არ დაგჭირდებათ, ისე ჩაიცვამს ქურთუკს.

მისცე ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება, არ ნიშნავს რომ დანებით თამაშის, ან ნარკოტიკის გასინჯვის ნება დართო. არასდროს არ მივცემ უფლებას ისეთი რამ გააკეთონ, რაც მათ ჯანმრთელობას ავნებს.

ასე რომ, შეცდომების დაშვება, შემდეგ კი შედეგების მომკა, პიროვნული ზრდისთვის აუცილებელია“.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

 

 

 

რჩევები