2020-12-17

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს და სურსათის მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს განცხადებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ D ვიტამინი COVID-19-ისგან გვიცავს. ინსტიტუციები დამატებითი კვლევების საჭიროებაზე მიუთითებენ.

თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში დღემდე მოქმედებს რეკომენდაცია, რომ ძვლებისა და კუნთების სიჯანსაღისთვის, ზამთრის განმავლობაში ადამიანებმა D ვიტამინი მიიღონ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელობამ D ვიტამინსა და COVID-19-ს შორის არსებული კავშირის მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა ჩაატარა. გარკვეული კვლევები მიუთითებს, რომ შესაძლოა, D ვიტამინი გარკვეულ როლს თამაშობდეს რესპირატორული ვირუსისადმი სხეულის იმუნურ პასუხში. თუმცა, აღმოაჩინეს, რომ ამის მტკიცებულებები არასაკმარისია, რათა ხალხს დაავადების პრევენციის ან მკურნალობის მიზნით D ვიტამინის გამოყენების რეკომენდაცია მისცენ.

ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებიც ასეთ მტკიცებულებებს სწავლობდნენ, აცხადებენ, რომ რაიმე დასკვნის გასაკეთებლად საჭიროა უფრო მაღალი ხარისხის, რანდომიზებულად კონტროლირებადი კვლევები.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის გაიდლაინების ცენტრის დირექტორის, დოქტორ პოლ კრისპის განცხადებით, სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ მტკიცებულებათა მონიტორინგს ისინი აქტიურად აგრძელებენ და გაიდლაინებს საჭიროების შემთხვევაში განაახლებენ და გამოაქვეყნებენ.

ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის რესპირატორულ ინფექციათა და იმუნურობის მიმართულების კლინიკური პროფესორის, ედრიან მარტინოს განცხადებით, არსებობს შანსი, რომ D ვიტამინი COVID-19-ის რისკსა და სიმწვავეს ამცირებდეს, რასაც საბოლოოდ მოჰფენს ნათელს ამ საკითხზე ამჟამად მიმდინარე კლინიკური ცდები.

D ვიტამინის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, რადგან ადამიანები დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებენ და ვერ იღებენ საკმარის მზის სხივებს, რაც ამ ვიტამინის მთავარი წყაროა.

D ვიტამინის მიღება შესაძლებელია გარკვეული საკვებიდანაც, მაგალითად, ცხიმიანი თევზის ან ბურღულეულისგან.

ადამიანთა გარკვეული ნაწილი საკმარის D ვიტამინს ვერც გაზაფხულზე და ზაფხულში იღებს. მათ შორის არიან — მუქი კანის მქონეები; თავშესაფრების ბინადრები; ისინი, ვინც გარეთ ხშირად არ გადიან და ისინი, ვინც გარეთ გასვლისას კანის უდიდეს ნაწილს სამოსით იფარავენ.

ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებს ბრიტანეთში D ვიტამინის მიღებას მთელი წლის განმავლობაში ურჩევენ.

„ჩვენი რჩევაა, რომ ყველამ, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, მუქი კანის მქონეებმა და იმათ, ვინც გარეთ ხშირად არ გადის, ყოველდღიურად მიიღონ დანამატები, რომლებიც 10 მიკროგრამ D ვიტამინს შეიცავს. წელს ეს რჩევა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რადგან ადამიანთა უმეტესობა ახლა უფრო მეტ დროს ატარებს დახურულ სივრცეში“, — ამბობს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ნუტრიციოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ალისონ ტედსტონი.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

წყარო