2019-10-04

მუსიკოსი და ხმის რეჟისორი, გიორგი გვარჯალაძე მთავარი არხის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ თავისი უფროსი ქალიშვილის, ლენოს თვითმკვლელობის დღეს იხსენებს და მშობლებს ურჩევს, შვილებს მეტი დრო დაუთმონ.

"საქართველოს სახელმწიფოს, რაც თავი მახსოვს არ ვაღიარებდი და იმის იმედზე, რომ რაღაც მექანიზმები დამიცავენ, არასდროს დავლოდებივარ. მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს – არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება. გვგონია რომ ბავშვებთან ვართ ძილის წინ, ვახშამზე, მაგრამ ეს საერთოდ არ არის საკმარისი. უნდა იყოს აუცილებელი, განსაზღრული, შენ ამდენ დროს უთმობ ბავშვს და ამ დროის განმავლობაში მთლიანად მის ჭკუაზე დადიხარ. მისიანი უნდა იყო, უნდა ეძმაკაცო".

"მე მეგონა რომ ამას ვაკეთებდი. მე და ლენოს მუსიკა გვაერთიანებდა, მისი ერთი სიმღერაც არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელს კავკასიაში და ჩემი შვილი ვერ ჩავწერე. ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, რომ გარანტირებულად არ თქვათ, რომ ამისთვის დროს გამოვნახავთო. არა, ახლა არის დრო შენი ენერგია, ფული და დრო დახარჯო ბავშვზე". 

"არასდროს არ იყო ჩაკეტილი, უბრალოდ მე არ ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი „ექაუნთი“ და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი „მემუარები“, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა”.

"შვილზე მაგარი არაფერი არ არის. ახლა რასაც ვაკეთებ, ინერცია და პასუხისმგებლობაა. საერთოდ აღარაა ჩემთვის საინტერესო. მოგმართავთ, იყავით ბავშვებთან. ბავშვს უნდა ჰქონდეს იმედი - აი, მამას დავურეკავ და ყველაფერი კარგად იქნება. არის სამსახური, მაგრამ ისევ შენ უნდა თქვა, ამაზე მეტს არ ვმუშაობ და მორჩა, მთავარია ბავშვებს არ შიოდეთ. უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ჩვენ ზედმეტს ვჭამთ, ბევრ უაზრო რამეებს ვაკეთებთ. მერე პრეტენზია გვაქ სკოლასთან, არ მიხედესო. არავის იმედი არ უნდა გქონდეს, ჯუნგლებში ვართ, ვის ჰგონია, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რა სახელმწიფო, თვითონ მიხედეთ ბავშვებს და მერე არავინ დაადანაშაულოთ. სანამ საქართველო განვითარდება, ჩვენ ყველა დავიხოცებით. ჩვენ თვითონ ავაშენოთ საქართველო შვილებთან ურთიერთობით. მოვუსმინოთ მათ, ჩვენ არ ვიცით მათ რა იციან". 

შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის და ცნობილი მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის შვილია. ლენო გვარჯალაძე 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

 

 

 

 

 
 

 

მშობლები