2022-07-16

ქეთი ნოეგიევა 26 წლის ემიგრანტი დედაა, რომელიც იძულებული გახდა წლის და 11 წლის შვილი დაეტოვებინა საქართველოში და სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წასულიყო.

რატომ მიიღო გადაწყვეტილება და რა სირთულეების გავლა უწევს მას, ქეთი ემისგრანტის წერილში მოგვიყვება.

- გამარჯობა საქართველო! მე ემიგრანტი დედა ვარ იტალიიდან.

2 წელი გავიდა და ათასობით კილომეტრით შორს, ყოველ დილას, ბალიშის ქვემოთ დამალული შვილის კაბის სურნელი მაღვიძებს.

რატომ მივიღე გადაწყვტილება?! - რთულია პასუხის გაცემა. ისევე, როგორც ყველას, მეც მქონდა სერიოზული მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ მივიღებდი. ძალიან სტრესული იყო ის დღე, როცა დილის 5 სთ-ზე მძინარე პატარა დავტოვე და გამოვიხურე კარი.

წამოვედი მომავლის საძიებლად უცხო ქვეყანაში და აგერ უკვე 2 წელია,ჩემი შვილს ონლაინსივრცის საშუალებით ვიცნობ.

რა თქმა უნდა რთულია სიშორე… უცხო ხდები საკუთარი შვილისთვის, შენთვისაც უცხო ხდება რა უყვარს და რა არ უყვარს მას, არ იცი თუ რამდენჯერ წაიქცა და იტკინა მუხლები. იმ დაკარგულ დღეებს და წლებს განა ვინმე შეძლებს აგვინაზღაუროს?!...

ემიგრაციაში რომ არ წამოვსულიყავი, ვერ შევძლებდი ჩემს შვილთან ერთად დამოუკიდებლად ცხობრებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეკონომიკურად ძალიან რთული ვითარებაა და ანაზღაურება ძალიან დაბალი, უბრალოდ ვერ შევძლებდით თავის გატანას. უცხოეთში წამოვედი ყველაზე მთავარი მიზნისთვის, მე და ჩემი ქალიშვილისთვის საქართველოში შევქმნა პატარა, საკუთარი კერა, როგორც კი ამ პრობლემას მოვაგვარებ, დავბრუნდები ჩემს საყვარელ სამშობლოში მონატრებულ ქალიშვილთან და თუ შესაძლებლობა მექნება,ჟურნალისტურ მოღვაწოებას საქართველოშიდავუბრუნდები.

როგორ გადავლახე?! - ძალიან რთულად, ძალიან გამიჭირდა. მქონდა გაორება, გაუცხოება და პანიკური შიშები. ეს ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველა დღე ტირილით ვიღვიძებდი და ვიძინებდი. ბევრჯერ მქონია ხელის ჩაქნევის და დანებების მომენტი, მაგრამ მაძლიერებს ის ფაქტი, რომ მიზნის განხორციელების შემდეგ, მალევე დავბრუნდებოდი ჩემს შვილთან. ძალიან დამეხმარა ხალხთან კომუნიკაცია, ჩემი პროფესია. ჩამოსვლისთანავე დავიწყე აქტიურად სოციალურ ქსელებში ვიდეო ჩართვების და სიუჟეტების მომზადება, მოვიფიქრე ისეთი თემები, რომელიც დამაახლოვებდა ქართველ ემიგრანტებთან. ვცდილობ მოვიძიო და გავუზიარო ემიგრანტებს ის ინფორმაცია, რომელიც მათ ყველაზე მეტად დააინტერესებთ.

როგორ დაძლია ბავშვმა?! - ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, 1 წლის და 11 თვის, შესაბამისად, ვერ გაიზრა ჩვენი სიშორე. ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებით და არ შემიძლია არ გადავუხადო მადლობა მის ბებოს, ჩემი შვილისადმი ამხელა სიყვარულისა და ამაგისთვის. რომ არა ის, მე ვერ შევძლებდი მიმეღწია იმისთვის, რაც ამ ორ წელში შევძელი. ყველანიარად ვცდილობ, მოვაგვარო საბუთების პრობლემა, რათა ხშირად მქონდეს ბავშვის ნახვის შესალებლობა.

აქვს თუ არა დადებითი მხარე?! - რთულია, ძალიან რთულია სიშორე. ემიგრანტობა, კიდევ უფრი დიდი ტვირთია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახებში მომვლელად მუშაობს. აქ ფიზიკურ დაღლაზე უფრო მეტად, ფსიქოლოგიური სტრესის წინაშე დგება ადამიანი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დადებით მხარეებზე. ყველა სირთულესთან ერთად, ემიგრანტობამ მომცა შესალებლობაც.

2 წლის ფონზე, პატარ-პატარა წარმატებები მაქვს, ვმუშაობ ელექტროენერგიისა და გაზგაყვანილობის კომპანიაში ოპერატორად, აგრეთვე შევძელი ჩემი პროფესიით, ჟურნალისტიკის მიმართულებით კარიერის გაგრძლება. დღეს იტალიაში იტალიურ-ქართული საავტორო გადაცემა “La vita è bella”- ს ავტორი ვარ, მაქვს პერსონალური ბლოგი “Keti Nigieva’s Blog, სადაც აქტიურად ვაკეთებ სხვადასხვა რუბრიკებს ემიგრანტებზე. 

საქართველოში 5 წელი ვიმუშავე ჟურნალისტად სხვადასხვა ტელევიზიასა თუ რადიოში, თუმცა მაყურებლის სიყვარული ემიგრაციაში შევიგრძენი. ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა, როდესაც ყოველდღიური კავშირი მაქვს ქართველ ემიგრანტებთან. ეს მაძლევს უფრო დიდ ძალას და მოტივაციას, დავძლიო ფსიქოლოგიური სტრესი და შვილის მონატრება.

ასევე, ფლორენციაში, იტალიური სკოლა “Leonardo Da Vinci”- ის მოსწავლე  ვარ, სადაც უფასოდ ვსწავლობ და ვეუფლები იტალიურ ენას 1 წელია. იქედან გამომდინარე, რომ სასწავლებელს ინგლისურ ენაზე სიუჟეტი გავუკეთე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გადასახადი მომეხსნა და ვსწავლობ უფასოდ.

აგრეთვე, პერუჯაში “Oxford School” - ის სტუდენტი ვარ, სადაც ვეუფლები ინგლისურ ენას.

რას ვეტყოდი ემიგრანტებს?! - ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ ხელი არ ჩაიქნიონ, მორალურად არ გატყდნენ, რადგან ამ რთული დღეების მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ოჯახებიათვის და მათ მივცეთ მაგალითი და იმედი იმისა,რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

ის, რომ იმყოფებით ემიგრაციაში და მუშაობთ ოჯახში, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რამის კეთება არ არის შესაძლებელი. მთავარია,მონდომება და მიზანდასახულობა.

თუ ენას შეისწავლით, უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგცემთ და შეძლებთ გზა გაიკვალოთ.

არსებობს სხვადასხვა დასაქმების საიტები, სადაც შესაძლებელია იპოვოთ ისეთი სამსახური, სადაც არ დაგჭირდებათ 24 სთ-იანი სამსახურის შესრულება. თუ თქვენ ხართ პროფესიით მოცეკვავე, მომღერალი, მხატვარი, ექიმი და იმყოფებით ემიგრაციაში მომვლელის სტატუსით, არ ნიშნავს რომ ხელი ჩაიქნიოთ სხვა ყველაფერზე.

მაგალითისთვის გეტყვით: ფლორენციაში უკვე წლებია არსებობს, წმ.ნინოს ტაძართან არსებული ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, რომელიც ქართველი ემიგრანტებითაა დაკომპლექტებული. კვირაში 1 დღე დასვენების მიუხედავად, თავდაუზოგავი  შრომის და მონდომების შედეგად, ახერხებენ ძალიან პროფესიონალურ დონეზე ქართული ნაციონალური ცეკვებისა და სიმღერების წარმოდგენას. ეს არის ანსამბლი, რომელიც საამაყოა როგორც ქართველებისთვის, ისე იტალიელებისთვის. წლებია სხვადასხვა ფესტივალებში იღებენ მონაწილოებას და დიდი წარმატებებით აგრძელებენ მოღვაწეობას.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ უცხო ქვეყანაშიც არის შესაძლებელი საყვარელი პროფესიის და საქმიანობის კეთება.

რას ვისურვებდი?! - ვისურვებდი  რომ დადგეს ის დღე, როცა არცერთ დედას არ მოუწევს შვილის დატოვება და მასთან განშორება. დადგეს ის დღე, როცა ფინანსური პრობლემების გამო, უცხო ქვეყანაში არ მოგვიწევს გადახვეწა. მე, როგორც საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ჩემი ნაგროვები გამოცდილება და ცოდნა, ჩემს ქყეყანას გავუზიარო და შეძლებისდაგვარად მალე დავბრუნდე მონატრებულ სამშობლოში.

Keti NOGIEVA’S Blog - ეს გახლავთ ჩემი საჯარო გვერდი, სადაც ნებისმიერ ქართველ ემიგრანტს შეუძლია მომწეროს შეტყობინება და თუ კი რამეთი შევძლებ დაკვალიანებას, ყოველთვის მზად ვარ.

 

სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

მშობლები