2018-03-12

„მშობელი“ აგრძელებს საინტერესო ხალხის ძიებას და ამჟამად 44 წლის ნინო თედიაშვილს გაგაცნობთ, რომელიც 20 წელია ემიგრაციაშია და ამჟამად, ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ის ხუთი შვილის - ხუთი ვაჟის დედაა, დიასახლისი და თავისუფალ დროს ქარგვას უთმობს. ვინც ერთხელ მაინც ნახავს მის ნამუშევრებს, ალბათ დაგვეთანხმებით, გულგრილი ვერ დარჩება. ნინო თვითნასწავლია და ქარგვის ნიჭი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. რამდენიმე მცირე გამოფენა უკვე ჰქონდა საფრაგეთში და ახლა კიდევ ერთი გამოფენისთვის ემზადება.

- დიდი ხანია წამოსული ვარ საქართველოდან, ბოლო ოცი წლის მანძილზე სულ სამი წელი მომიწია თბილისში ცხოვრება. ოჯახით ვარ აქეთ. პირველი შვილი საქართველოში შემეძინა, უკვე 27 წლის არის, მეორე გერმანიაში დაიბადა და 19 წელი შეუსრულდა, მესამე თბილისში -17 წლის ხდება, მეოთხე ესპანეთში - 14-გახდება, მეხუთე კი საფრანგეთში - 6 წლის გახდა 7მარტს. 5 ბიჭის დედა ვარ. საფრანგეთში 7 წელია რაც ვიმყოფები, ჯერჯერობით უსაბუთოდ ვართ... მუშაობის უფლება არ მაქვს და სახლში მიწევს ყოფნა, ლოდინის რეჟიმში ვართ და დროის გასაყვანად ქარგვა დალვიწყე.

პირველად ჯვარედინი მეთოდით მოვსინჯე, სქემით იქარგება. მე მინდადა რაღაც ჩემით შემექმნა და ლენტებით ვცადე, მაგრამ მაინც რაღაც სხვას ვეძებდი. არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი ნამუშევრებით. ახლა რასაც ვქარგავ (წყლის ქარგვა ჰქვია-თურმე) 2015წლის-ის ბოლოს დავიწყე, პირველად მგელი მოვქარგე და არ ველოდი ასეთი ლამაზი თუ გამოვიდოდა. მერე ჩიტები ბუდეში, ბუდე ჩალით გავაკეთე, ჩიტებიც 3 D ნაქარგია.  

ლენტების ნაქარგიც 3 D-თი შევცვალე და ახლა უკვე კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით. დრო რომ მქონდეს ყოველდღე შევქმნიდი ახალ ნაქარგს, იდეები ბევრი მაქვს. მე „ძაფით ხატვა“ დავარქვი ასეთ ქარგვას.

რაც შეეხება გამოფენებს, „მშობელთან“ საუბარში აცხადებს, რომ პერსონალური გამოფენის გაკეთების უფლება ჯერ საბუთის გამო არ აქვს, ამიტომ დროს მაქსიმალურად იყენებს ნამუშევრების შესაქმნელად.

- საფრანგეთში ენის კურსებზე დავდივარ რამდენიმე ადგილას, ყველას ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები, მოწონებას იმსახურებენ. გამოფენა მქონდა რამდენიმე ადგილას, მაგრამ ეს უმნიშვნელო გამოფენები იყო, ქალაქის ბიბლიოთეკაში და სოციალური მომსახურების ცენტრში. როგორც უსაბუთოს, არ მაქვს უფლება რომ პერსონალური გამოფენა მოვაწყო საგამოფენო დარბაზში, ამიტომ სანამ საბუთს ავიღებ ვცდილობ მაქსიმალური დრო დავუთმო ქარგვას და მოვაგროვო საუკეთესო ნამუშევრები.

ძირითადად ღამე ქარგავს, რადგან ხუთი შვილის დედას დროის ძირითადი ნაწილის გატარება სამზარეულოში უწევს.

- ჭკვიანი შვილები მყავს, არ იგრძნობა რომ ოჯახში 5 ბიჭია, მაგრამ საჭმლის კეთება ვერ ვასწავლე ვერცერთს. ძირითადად ღამე მიწევს ქარგვა, რადგან მთელი დღე სამზარეულოში მიწევს ტრიალი. განსხვავებული გემოვნება აქვთ ხუთივეს: ერთი ვეგანია, ერთი ვეგეტარიანელი, ერთი გურმანი, ერთი საერთოდ უჭმელი. ნათურის შუქზე ხშირად ვერ ვარჩევ ძაფის ფერებს და მერე შესწორება მიხდება, რაც მეტ დროს მართმევს.

ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზეც, მაგრამ დიდი ხნით არა...

- ჯერჯერობით არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, უსაბუთობამ ძალიან უკან დამხია... არ ვიცი რა იქნება მომავალში. ვფიქრობ, დავბრუნდე საქართველოში, მაგრამ დროებით... 5 შვილით ვერ შევძლებ მანდ ცხოვრებას, არც ბინა გვაქვს და არც არანაირი პირობები. 1997წელს წამოვედით, გეცოდინებათ მაშინდელი საქართველოს მდგომარეობა. შვილები სწავლობენ, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ფლობენ რამდენიმე ენას და კარგად არიან აქაურობას მორგებული. ქართულიც იციან კარგად, ოღონდ წერა-კითხვა უჭირთ, სამწუხაროდ... უფროსის გარდა საქართველო არცერთს არ ახსოვს, 14 წლის ვაჩე და 6 წლის გაბრიელი არც ყოფილან ჯერ.  საქართველოს მოქალაქეობა აქვთ ყველას.

 

ირინე არდაშელია

შემოგვიერთდით Facebook-ზე

მშობლები