2018-11-29

შვილი, ოჯახი და სამსახური - სამი ძირითადი და აუცილებლად შესათავსებელი საქმიანობაა, სწორედ ამიტომ, ხშირად სხვადასხვა სამსახურეობრივ ღონისძიებებზე შვილების ტარებაც გვიწევს. დროს ცვლასთან ერთად, იცვლება შეხედულებებიც და ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაა დღეს, ერთ-ერთ ტრენინგზე ჟურნალიტს რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვხედავთ.

მედიის ძველ წარმომადგენლებს, ალბათ კარგად ახსოვთ, ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელიც შვილს ყველა ღონისძიებაზე თან დაატარებდა.

ეკა ჯიმშელაძე და „მედიის შვილობილი“ დათუნა - „მშობელი“ დღეს სწორედ ამ დუეტზე მოგიყვებათ.

რატომ გადაწყვიტა შვილის ღონისძიებებზე ტარება, რატომ არ დაამთავრა დათუნამ სკოლა და როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს, ეკა თავად მოგვიყვება.

- დათო 2000 წელს მოსკოვში დაიბადა. რუსეთის დედაქალაქში 1995 წელს, რადიოში მუშაობის პერიოდში მივლინებით ჩავედი. იმ დროს საქართველოში მხოლოდ ერთი, ე. წ. „შტეფსელის“ რადიო გვქონდა. სწორედ იქ ვმუშაობდი გადაცემაში „ბიზნესკლუბი“, ჯერ კორესპონდენტად, მერე კი - წამყვანად. მოსკოვში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და საცხოვრებლადაც იქვე დავრჩით. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ექვსი წელი ბედნიერად გავატარეთ... მაგრამ დათუნა დაბადებას რატომღაც არ ჩქარობდა... მეუღლე ნელ-ნელა თავისი ნათესავების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც სხვა ქალზე დაქორწინებას უჩიჩინებდნენ... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ოჯახმა თავისი გაიტანა... მე კი სულ მალე შევიტყვე, რომ დედა გავხდებოდი... მოკლედ, ორმხრივად ნანატრი და სასურველი ბავშვი რომ გაჩნდა, ოჯახში მამა აღარ დახვდა. მოსკოვში ჩემს დასახმარებლად ჩამოსული დედა ორ თვეში მოულოდნელად გარდაიცვალა - ჩემს ხელში ისე დალია სული, ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო...

თბილისში დაბრუნება

- დათუნა სამი წლის იყო, როცა თბილისში დავბრუნდით. სანამ მამამისი ფინანსურად მხარში გვედგა, მხიარულად და საინტერესოდ ვატარებდით დროს: ერთად ვხატავდით, ვკითხულობდით, ვსეირნობდით, ვძერწავდით, მეგობარ ბავშვებს ვპატიჟებდით სახლში მშობლებთან ერთად და ათასგვარად ვერთობოდით, სპექტაკლებს ვდგამდით... დათო საოცრად კომუნიკაბელური, გონიერი და ხალისიანი ბავშვი იყო. მასთან ურთიერთობა პოზიტიური ენერგიით მავსებდა. ასე გრძელდებოდა ჩვენი იდილია, სანამ მამამ დაფინანსება არ შეწყვიტა - ამის გამო მეუღლესთან პრობლემები მექმნებაო... აუცილებლად უნდა მემუშავა, ამიტომ დათუნა საბავშვო ბაღში შევიყვანე. დღითიდღე ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა ბავშვს ხასიათი. ბაღის მასწავლებელი საყვედურებით მავსებდა: სად მაქვს იმის ნერვები, თქვენი შვილის ამდენ შეკითხვას ვუპასუხოო და სულ მის გაჩუმებას ცდილობდა... სხვა ჯგუფში გადავიყვანე. იქ ოდნავ უკეთესი სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო: სხვადასხვა მიზეზის გამო დანევროზებულ მასწავლებლებს „კომფორტული“, „მუნჯი“ ბავშვები ერჩიათ, ვიდრე ცნობისმოყვარე და ხალისიანი. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი ბაღისას არ ემთხვეოდა - საინფორმაციო სააგენტოში ვმუშაობდი კორესპონდენტად და სამსახურის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ბავშვის გამოსაყვანად. რედაქცია შეძლებისდაგვარად მიწყობდა ხელს, მაგრამ სამსახური სამსახურია... დათუნას ჯგუფელების მშობლებს შვილები დროზე ადრე მიჰყავდათ სახლში და მხოლოდ ჩემი შერჩებოდა-ხოლმე გასაქცევად გამზადებულ მასწავლებელს ან ძიძას. ახლაც თვალწინ მიდგას ტრადიციული სურათი: დათუნას დაღონებული, მოწყენილი სახე და ჩანთაგადაკიდებული მასწავლებელი გამეხებული მზერით...

ბაღიდან სკოლაში

- როგორც იქნა, დავამთავრეთ ბაღი. წინ კი უარესი გველოდა: სკოლა, სადაც გახანგრძლივებული ჯგუფიც კი საბავშვო ბაღზე ადრე იკეტება... მხოლოდ პირველი კლასი გვახსენდება სიამოვნებით: გავრისკე და თავიდან დათო დემირელის სახელობის კოლეჯის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ შევიყვანე „შავ პურს შევჭამ და შვილს კარგ განათლებას მივცემ“ პრინციპით. მაგრამ მალე შევატყვე, რომ არარეალურს შევეჭიდე და გულდაწყვეტილმა გადავიყვანე საჯარო სკოლაში. დათო „სხივის“ საოცრად თბილი, მეგობრული, ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოდან გულგრილ, დამთრგუნველ და უღიმღამო სიტუაციაში აღმოჩნდა. იმ პერიოდში გაცდენებს დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ამით ვისარგებლე: დათუნა იშვიათად დადიოდა სკოლაში. სამაგიეროდ, „მედიანიუსში“ „მუშაობდა“ ჩემთან ერთად... თავადვე ვამეცადინებდი. თავიდან მისი ჩამორჩენის დიდად არ მეშინოდა, რადგან კითხვა ორი წლის ასაკში ისწავლა და თანატოლებთან შედარებით ბევრი რამ იცოდა, მაგრამ თანდათან პროგრამა გართულდა...

„მედიის შვილობილი“

მარტო საინფორმაციო სააგენტოს ოფისში ჯდომა არ ვაკმარე ჩემს შვილს: დღეში ხანდახან რამდენიმე ღონისძიების „გაშუქება“ უწევდა... „მედიის შვილობილი“ - ასე შეარქვეს ჟურნალისტებმა დათუნას... როდესაც სკოლაში წასვლა აუცილებელი იყო, შუადღისას სამსახურიდან გავრბოდი გლდანში და დათუნა თან მიმყავდა ხან მთავრობის სხდომაზე, ხან გამოფენაზე, ხან აქციაზე, ხან პრეზენტაციაზე, დიპლომატიურ მიღებაზეც კი... ფაბრიკა-ქარხნებიც მოიარა. თავიდან ეს მისთვის სახალისო და საინტერესო იყო: ათასგვარ გარემოში უწევდა ყოფნა, გაიცნო ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, პოლიციელები, მეცხვარეები... ზოგიერთს დაუმეგობრდა კიდეც... ხან ტელეკამერებს ყარაულობდა, ხან - მიკროფონებს... ლეგენდარული „კავკასიური ცარცის წრის“ ცხენზეც კი მოახერხა შემოჯდომა... სკოლის ბანალური კედლის გაზეთისთვის ინტერვიუს ქართული კინოს ლეგენდებს ართმევდა... ისიც მოსწონდა, საკუთარ თავს ხან პრიალა ჟურნალის ფოტოებზე რომ აღმოაჩენდა-ხოლმე და ხან - ტელეეკრანზე... ინტერვიუსაც კი ართმევდნენ ხანდახან, როგორც ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილეს... მაგრამ თანდათან გადაიღალა, თანაც მიხვდა, რომ უკვე მოვალეობად ექცა ეს ყველაფერი... ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლის სიმყუდროვეში დაესვენა, შემდეგ მშვიდად ემეცადინა და ეთამაშა, ჯერ ერთი საათი გლდანიდან ქალაქის ცენტრამდე მიჩახჩახებდა ავტობუსით, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ამ გზას უკან გადიოდა. რამდენჯერ ჩასძინებია გზაში... გული მეწვოდა, მის ტანჯვას რომ ვუყურებდი... კაცი იფიქრებს, აეყვანა ძიძა და ბავშვსაც ეშველებოდა და მასაცო... საქართველოში ჟურნალისტებს ისედაც არასახარბიელო ხელფასი აქვთ. განსაკუთრებით, საინფორმაციო სააგენტოებში. ძიძის აყვანას ვინ ჩივის, კომუნალური გადასახადების გადასახდელად და აუცილებელი საკვების შესაძენად ძლივს გააწვდენს ადამიანი, თუ ოჯახის სხვა წევრიც არ მუშაობს... ჩვენ კი არავინ გვყავდა...

სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს საერთოდ არ ახსენდება, რომ მარტოხელა დედები სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან და ბავშვის სრულწლოვანებამდე მინიმალურ თანადგომას მაინც იმსახურებენ. მადლობა ღმერთს, ბედმა გამიღიმა და ცხოვრების გზაზე უამრავი საოცრად გულისხმიერი ადამიანი შემახვედრა, რამაც შედარებით გამიადვილა იმ ურთულესი პერიოდის გადატანა. დღისით სააგენტოში ვმუშაობდი, ღამით კი დამატებით სხვადასხვა სახის ლიტერატურას ვთარგმნიდი რუსული ენიდან, ტექსტების აკრეფა-რედაქტირება-კორექტირებასაც მოვკიდე ხელი. ვცდილობდი, დათოს დიდად არ შეემჩნია ჩემი გადაღლილობა და გამოუძინებლობა და ყურადღებას სულ იმაზე ვამახვილებდი, რომ საყვარელი საქმით ვიყავი დაკავებული. თუმცა, რას გამოვაპარებდი! პატარაობიდანვე მეუბნებოდა: დიდი რომ გავიზრდები, ისე უნდა გაგანებივრო, მხოლოდ ჰობით იყო დაკავებული და არა სამსახურითო... სხვა სპეციალობით მუშაობასაც არ მოვერიდებოდი, მაგრამ, მოგეხსენებათ, მაღალანაზღაურებადი სამსახური ასე ადვილი საშოვნელი არ არის... რამდენჯერმე ისე გამიჭირდა, ღონისძიების ფურშეტიდან წამოღებული საკვებით დამინაყრებია ბავშვი... სულაც არ მრცხვენია ამის აღიარების: პირიქით - ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ ამის საშუალება მომცა ღმერთმა იმ წამს და შვილი მშიერი არ დამრჩა... არადა, რა ლამაზი ზღაპარივით ჩანდა ჩვენი ცხოვრება გარედან, უცხო თვალისთვის!..

ახლაც მახსოვს, ჩემი კოლეგა ენძელა მაჭავარიანი რა ხშირად მიმეორებდა-ხოლმე: ცოტაც მოითმინე, ეკა, წამოიზრდება დათუნა და სულ სხვაგვარად იცხოვრებთო... მეც გული მიგრძნობდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და როგორღაც იმის ძალასაც ვპოულობდი, რაც გვქონდა, იმის მადლიერი ვყოფილიყავი... და მართლაც...

დათუნა დღეს

როგორ წარიმართა ჩვენი ცხოვრება? დათომ საინფორმაციო ტექნოლოგიებს აუღო ალღო, ინგლისური ენაც როგორღაც დამოუკიდებლად შემოესწავლა და საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება არ ისურვა: სულ ტყუილად უნდა დავკარგო დრო, თანაც სტრესულ გარემოში. სანამ ჩემი თანატოლები სკოლას დაამთავრებენ, მე ჩემს საყვარელ პროფესიას დავეუფლები და პროგრამისტი გავხდებიო... ხელი არ შემიშლია. პირიქით, გავამხნევე: მამაკაცი ხარ, თანაც გონიერი მამაკაცი, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო-მეთქი. ისე, მოსალოდნელი სირთულე მაინც შევახსენე: არსებული კანონმდებლობით, საჯარო სკოლის საბაზო საფეხურისა და პროფესიული კოლეჯის დამთავრება ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლებას არ გაძლევს, რაც მიღებული ცოდნის შემდგომ გაღრმავებაში ხელს გიშლის. პრინციპში, ეს ერთადერთი მინუსი ვიპოვეთ სხვა ათასი უპირატესობის წინააღმდეგ, ასე რომ, ბევრიც აღარ გვიფიქრია... პერსონალური კომპიუტერიც ნაბიჯ-ნაბიჯ, კვლავ ღამით ნათარგმნი წიგნების ფასად, შეძლებისდაგვარად გავაძლიერეთ, „პროგრამისტული“ დატვირთვისთვის რომ გაეძლო...

მაშინვე წამოიშალა საზოგადოება: რას უკეთებ შენს შვილს, არ მისცე კოლეჯში გასვლის უფლება, ბავშვმა სკოლა უნდა დაამთავროს, ასეა საჭიროო... ეს ქართული საკრალური „უნდა“ და „ასეა საჭირო“, რომლებსაც ვერანაირი ჯანსაღი არგუმენტი ვერ ამყარებს, ორივესთვის მიუღებელი იყო... მოკლედ, დათომ წარმატებით გაიარა ტესტირება და პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ ჩაირიცხა. სწორედ აქ დაიწყო ახალი ეპოქა მის ცხოვრებაში: თურმე სასწავლო დაწესებულება შეიძლება საყვარელი იყოს; თურმე, კეთილი და მეგობრული მასწავლებლებიც არსებობენ; მასწავლებლების გარდა, ადმინისტრაციაც რომ თავს შეგაყვარებს... ჯგუფელებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ... ეს ყველაფერი დათოს „სხივის“ ხანმოკლე პერიოდიდან მხოლოდ სიზმარივით შემორჩენოდა...

სანამ კოლეჯს დაამთავრებდა, დათომ რამდენიმე Game-Jam-ზე ისახელა თავი, კომპანია „Microsoft“-მა კი მისი დაპროგრამებული პროექტი თავის რჩეულად დაასახელა; გარდა ამისა, საუკეთესო გეიმ-დეველოპერის ნომინაციაშიც გაიმარჯვა და საქართველოს უნივერსიტეტმა, იქ სწავლის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობის სტიპენდიითაც წაახალისა. თუმცა, აქაც ისევ ის უაზრო პრობლემა იჩენს თავს: ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება არ აქვს... მიუხედავად ამისა, ახლა დათო ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობს და თავის პროფესიაში კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმაზე ფიქრობს... „მედიის შვილობილობის“ პერიოდს ახლა უკვე ღიმილით იხსენებს: „ის დრო, უპირველესად, მაინც გადაღლილობასთან ასოცირდება. სულ სახლში ყოფნა მენატრებოდა. თუმცა, ახლა მაშინდელ ფოტოებს როცა ვათვალიერებ, ვხვდები, რა საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მქონია ამ პატარა ბავშვს... დედას კოლეგებთან კი დღემდე ვმეგობრობ“.

მე რამდენიმე წელია, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი ვარ, რაც დისტანციურად მუშაობის და პარალელურად სხვა საქმიანობის საშუალებას მაძლევს. დათო წამოიზარდა, დამოუკიდებლობას მიეჩვია, ასე რომ, სრული განაკვეთითაც კი მშვიდად ვიმუშავე კოსმეტიკურ-პარფიუმერული კომპანია „კოსმო+“-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელად. მაშინ მივხვდი, რასაც ნიშნავს გამოთქმა: „ბედნიერი მაშინ ხარ, როცა დილით სამსახურში მიგიხარია, საღამოს კი - სახლში“. გადაიარა იმ დრომ, როცა სამსახურში მყოფს მთელი გონება შვილისკენ მქონდა მიმართული. არადა, ჟურნალისტიკაში (და არა მხოლოდ ამ პროფესიაში) წარმატების მისაღწევად სრულად უნდა დაიხარჯო... მე ეს ფუფუნება არ მქონდა... თუმცა, სულაც არ ვნანობ: განა ისეთი განსაკუთრებული და ჯერ არნახული რა უნდა შემექმნა ჩემს საყვარელ ჟურნალისტიკაში? ჩემი საუკეთესო ნაშრომი ახლა თავის მრავალტანჯულ კომპიუტერს უზის, ჩემთვის გაურკვეველ, მაგრამ თავისთვის ძვირფას კოდებს ადგენს, საკუთარ პროექტზე მუშაობს, დროგამოშვებით კი გადმომხედავს და ისე თბილად და ტკბილად მიღიმის, ყველა გადატანილი სირთულე მავიწყდება და აღარაფრის არ მეშინია... კვლავინდებურად ვთარგმნი, ოღონდ ახლა უკვე სულ სხვა ხალისით - ჩემი შვილი მიდგას გვერდით და გადაღლის უფლებას აღარ მაძლევს...

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად „მშობელისთვის“

 

დედებისთვის