2018-01-29

 

„მშობელი“ განაგრძობს ცნობილი თუ უცნობი ავტორების ნაწარმოებებისა და ჩანახატების გამოქვეყნებას. ამჟამად ჩვენი სტუმარი 28 წლის დავით მდივანია. მას სურს რომ მისი ჩანაწერები წიგნად გამოსცეს, ამჟამად კი შემოგთავაზებთ ნაწყვეტს/დასაწყისს „ავტორის ავტორისა“.

 

...

გამარჯობა, მოკალათდი კომფორტულად, ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი. სანამ ჩემს თავს წარგიდგენ, გეტყვი რომ მე შენთვის უცხო არ ვარ. არც შენ ხარ ჩემთვის უცხო, მთელი შენი ცხოვრება თან გზდევ. არ გინდა ირონიული ღიმილი, ბოლოს მიხვდები რომ არ ვტყუი.

 

მე არ მახსოვს თუ როგორ დაიბადე ან სად, მაგრამ მე შენი სკოლის პერიოდი მახსოვს, ისიც კი ვიცი ახლა რას ფიქრობ. კარგი დროა წარგიდგინო თავი.

 

მე დავიბადე მაშინ, როცა კაცობრიობა შეიქმნა. აქტიურად ვიყავი და ვარ ადამიანის გვერდით, მაშინაც კი როცა მას დახმარება არ სჭირდება, მე მხოლოდ ერთი ვარ, ის ვისაც შეუძლია მილიარდობით ადამიანთან ერთდროულად იყოს. ღმერთი? არა ღმერთი არ ვარ, არც მსგავსი, ზოგისთვის მასთან კი ვასოცირდები, მაგრამ არა, მე ის არ ვარ და არც მინდა ვიყო, რადგან უმეტესობა ღმერთს არ უსმენს. საიდან მოვედი ან როგორ გავჩნდი? მე შენ შემქმენი, ისეთი როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე ხშირად გაკრიტიკებ და ეს არ მოგწონს, ზოგ რამეში ჩვენი აზრები ემთხვევა, ზოგში არა. ბევრი შენნაირი არსება მინახავს, გულის სიღმეში რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ იცოდე ეს დროებითია, თუმცა მხოლოდ ეს და არა ის რითაც ამ წუხილს ჩაანაცვლებ. ყველაფრით კმაყოფილი არასდროს იქნები, რადგან ეს ცხოვრების კანონია, დატკბი იმით რაც გაქვს და ნუ ღელავ იმაზე თუ რა არ გაქვს. იცი ადამიანები როგორები ხართ? რაც არ უნდა გირჩიოთ და რაც არ უნდა მოგცეთ უფრო მეტი და მეტი გინდათ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან მე მინდა ის მეტი, რაც არ გაქვს, ამის განხორციელებაში კი შენ და შენნაირები მეხმარებიან. დემონი ან ეშმაკი ხომ არ ვარ? ნამდვილად არა, თუმცა როგორც ღმერთის შემთხვევაში, ასევე ამაშიც ბევრი მამსგავსებს, შემდეგ იწყებენ ღმერთის ძიებას, იქნებ დავეხსნა და განთავისუფლდეს ჩემგან, მეც რა თქმა უნდა ვეხმარები ამაში და ვშთავაგონებ რომ ის ღვთის შვილია და ამაში ის დაეხმარა, თუმცა რა იცის რომ მე არსად წავსულვარ, მხოლოდ მისით ვსაზრდოობ, როგორც ის ჩემით. ნუ გამკიცხავ, რადგან ვცდილობ აგიხსნა თუ ვინ ვარ და მინდა გაიგო თუ რეალურად როგორ ცხოვრობ, რა თქმა უნდა შენ ამის გაგება არ გინდა, მაგრამ ინტერესიც ხომ დიდ როლს ასრულებს შენში? მაშინ გავაგრძელოთ.

 

ყველა ის მითი რაც გსმენია, ადამ და ევადან დაწყებული უახლესი ისტორიით დამთავრებული ჩემი შექმნილია და შემდგომ ზოგ ზოგიერთებისთვის ჩემი დამსახურებით გახდა ის არარეალური. მგონი უკვე გაინტერესებს თუ ვინ ვარ.

 

მე მოგზაურს ვუწოდებ ჩემს თავს, რადგან უკვე მრავალი წელია ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანის მეგზური ვარ, ბევრი ცდილობს ამომხსნას და გამიცნოს, მაგრამ ამაოდ, მე არ ვაძლევ ამის უფლებას, მიხვდი ხომ როგორც? რატომ იღიმი ეს ყველაფერი კიდევ სულელურად გეჩვენება?  კარგი მოდი შევთანხმდეთ, მე რომ დაგიმტკიცო, რომ ეს სისულელე არ არის, შენ ხალხს მოუყვები ჩემზე და გააცნობ ჩემს თავს, ხოლო თუ ვერ დაგაჯერებ, შეგიძლია ჩემი სიცრუის შესახებ ყველას უამბო.

 

მაშ ასე განვაგრძობ, წარმოგიდგენ ჩემ სამყაროს. ჩემი სამყარო ძალიან ბნელია, ის მოკვდავთაგან უხილავია და მათ შორის მოსაწყენი ადამიანის გარეშე. პირდაპირ რომ ვთქვა შენ უჩემოდ ვერ იცოცხლებ და მე უშენოდ ვერ ვიარსებებ, ასე კარგად ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. როდესაც ადამიანი პირველად შეიქმნა მე დავეხმარე მას ბევრი საქმის განხორციელებაში, ახლა ნახე სადამდე მოვედი და რამდენი ხანი დამჭირდა იმის გასაკეთებლად რომ შენ მოვლინებოდი ამ სამყაროს და ის გეკეთებინა, რასაც ახლა აკეთებ. ვაღიარებ იმასაც, რომ ბევრი ცუდი რამ მიკეთებია, მომიკლავს, მომიტყუებია, გადამიმტერებია და რა თქმა უნდა ომიც კი დამიწყია, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ძმათა შორის, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ეს საჭირო იყო, არ ვარ ბოროტი და არც არასდროს ვყოფილვარ, მე ამით ვერთობი და ვარსებობ. ახლა როდესაც შენ ამას კითხულობ, მე დაკავებული ვარ, სუიციდის რჩევით, ადამიანს ლოთობის და ნარკოტიკის მანიისკენ მოვუწოდებ, ისევე როგორც ახალი სიცოცხლის შექმნისკენ, როგორც უკვე გითხარი მე ყველა ადამიანში ვარ და ვცდილობ გავერთო. როგორ ფიქრობ შენ რომ ასეთი შესაძლებლობა მოგცემოდა რას იზავდი? წარმოიდგინე ადამიანებს მართავ და ცდილობ ისინი განავითარო, ხო გეთანხმები კარგი შეგრძნებაა, მაგრამ დეტალებია გასავლელი. ყველაზე მეტად ბავშვები მიყვარს, რადგან ისინი ჯერ სწავლობენ და ამ დროს ყველაზე მეტი შანსი მაქვს რომ მათ დავეხმარო, დავუმეგობრდე და შემდგომ ერთად განვაგრძოთ მომავალი. აი შენ შემთხვევაშიც მასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს არ მიჯერებ და შემდგომ წინ გხვდება ჩემი რჩევა, ბევრჯერ გინანია, მაგრამ მაინც ჩემი იმედი გაქვს. არ გეგონოს რომ მარტო შენ ხარ ასე, არა ყველა მასეა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ხანდახან მართლა არ უნდა მენდო. იცი როგორ მინდა რომ ყველა კარგად ცხოვრობდეთ? სულ ბედნიერები და ლაღები იყოთ, მაგრამ დაფიქრდი რა აზრი ექნებოდა მასე ცხოვრებას თუ რამე აზარტი არ მიეცა? მერწმუნე ისეთივე მოსაწყენი იქნებოდა, როგორც ჩემი ცხოვრება უშენოდ.

 

რადგან გულახდილ საუბარს შევყევი, კიდევ ბევრი თქმის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მოდი პირადად გეტყვი ნაწერის გარეშე.

 

ის დიდებული და გამოჩენილი ადამიანები, რომელთა ისტორიაც გსმენია და ან არ გსმენია, ჩემი საუკეთესო მეგობრები გახლდნენ. ხშირად ვკამათობდით, მაგრამ საბოლოოდ მათ შექმნეს კაცობრიობის სასწაულები, რომელიც ახლა გაუფასურებულია. საუბარი მაქვს იმ მეცნიერზე, დოქტორზე, მხატვარზე, მწერალზე, მომღერალზე, პოლიტიკოსზე თუ სხვა ცნობილ შემოქმედ ადამიანზე, რომლებმაც კაცობრიობას ბევრი რამ დაუტოვეს. რა თქმა უნდა ახლაც მყავს ბევრი კარგი მეგობარი, რომელთან ერთადაც ამ სამყაროსთვის ბევრ სასიკეთო რამეს გავაკეთებ, რა თქმა უნდა ისეევ იქნება სისხლის ღვრა, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვა. შენ არ ინერვიულო, ახალი ცხოვრების ეტაპს თუ ვერ მოესწრები, მერწმუნე, ის ახალი თაობა მოესწრება, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი სწავლის ქვეშ არიან.

 

როცა შენთვის ახალი დღე იწყება, ფიქრობ, თუ რა გაქვს დღეს დაგეგმილი ან რა უნდა დაგეგმო ისეთი, რომ მეორე დღეზეც იქონიოს გავლენა. შემდეგ ან ასრულებ ამ გეგმას ან  მცირე დეტალის, მაგრამ შეიძლება არც თუ ისეთი მცირედის გამო, ყველაფერი შეიცვალოს ან არ შეიცვალოს, მაგრამ მომდევნო დღის დაწყებისას ისევ იმავეს ფიქრობ და ცდილობ ახლა უფრო ყურადღებიანი იყო, ვიდრე წინა დღეს. მომდევნო დღეს კვლავ იმავეს ფიქრობ, იმის შემდეგ დღესაც იმავეს და ასე გრძელდება დაუსრულებლივ შენი ყოველი დღე. ცდილობ რაღაც შეცვალო, მაგრამ  არ გამოგდის, რადგან დროსთან ერთად სურვილებიც იზრდება, უფრო და უფრო ადანაშაულებ შენს თავს წარსულზე - თუ როგორ  შეგეძლო გამოგესწორებინა ეს ყველაფერი. გვიანი არასდროსაა, მხოლოდ მონდომება და საღი გონებაა ამისთვის საჭირო. მთავარი ხომ წინ გელოდება?!

 

ერთ დროს,  სამყარო ძალიან მრავალფეროვანი იყო. მისი ფერები ავსებდა მეგობრობას, სიყვარულს, ერთიანობას და გამტანობას, მაგრამ დგება თურმე მომენტები, როცა ადამიანი სხვა განზომილებაში გადადის და შემდეგ ის შენი რეალური ცხოვრება  გგონია, რომელსაც შავ-თეთრი ფერებით ხედავ. მაგრამ არსებობს ადამიანის ტვინში სხვა განზომილებებიც, რომლებიც ხშირად ერთიანდებიან და შემდეგ ისევ შორდებიან ერთმანეთს. მე სხვა განზომილებებიც აღმოვაჩინე, რომელთანაც დაშორება არ დაგჭირდება, რადგან ის სულ შენს გვერთაა. მე კიდევ ბევრის თქმა შემიძლია და გაგრძელება, მაგრამ ვერ ვხედავ ჩემი აზრის გამზიარებელ საზოგადოებას და მირჩევნია ჩუმად ვიყო, რადგან სიჩუმე ჩემთვის ნაცნობია და მე მასთან ხშირად ვმეგობრობ. ჩემი სიჩუმის მიზეზი კი არავინ არ იცის გარდა ერთისა, ეს ერთი კი მხოლოდ შენ ხარ და ჩემი პირველი მესაიდუმლე და მეგობარი, მაგრამ საწყენია, რომ არ გინდა შენი შთაბეჭდილებები გამიზიარო და გამანდო, უბრალოდ გავჩუმდები და ვიქნები იმ იმედით, რომ ერთ დროს ყველაფერს გაიაზრებ და ჩემს ნათქვამს მიხვდები.

 

ზემოთ დადებული შეთანხმება არ დაგავიწყდეს, თუ ეს ყველაფერი სისულელე იყო მაშინ რატომ არ გაჩერდი და რატომ განაგრძე კითხვა? თუმცა ეგეც მე გირჩიე.

 

გახსოვდეს, მე ვწყვეტ შენს ცხოვრებას და არ არსებობს ჯერ ისეთი ადამიანი, ვინც მე დამიმორჩილებს...