2018-01-15

„მშობელი“ წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოეტის გიორგი ბალახაშვილის კრებულს „დუმილის დასარღვევად". კრებულში შემავალი ლექსები წიგნად გამოცემამდე პერიოდულად ექსკლუზიურად ჩვენ საიტზე განთავსდება.  

გიორგი ბალახაშვილი - დაიბადა ქ.სოხუმში, 1987 წლის 25 სექტემბერს. ლექსებს 17 წლიდან წერს. განათლებით პოლიტოლოგია. არის 2 კრებულის ავტორი. ესენია: POSTალიონური და „დუმილის დასარღვევად“. ჰობი-ფეხბურთი. 

 

ლიდია

ვარსკვლავებს იყრის ტანზე ზეცა, როგორც ბუსუსებს,

მე, როგორც წესი, აივანზე ვდგავარ, ვეწევი

და მერე ხველას წამოვიწყებ, რაღაც უსუსურ

ბგერათა ხროვას და ვუყურებ წინ წამოწეულ

კორპუსს, რომელშიც მეხუთეზე ცხოვრობს ლიდია

და არის მარტო, გადამკიდე მისი პილოტი

ქმრის, რადგან იგი დღენიადაგ ცაში ჰკიდია,

უკვე ყელში აქვს ამოსული ნიცა, კიოტო,

მილანი, გოა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი

ქალაქი, სადაც მოხვედრაა ერთგვარი იშტა...

მე ყოველ ღამით მის მეუღლეს თვალყურს ვადევნებ,

წინასწარ ვიცი, რა დროს იცვამს ან უფრო იხდის

ვარდისფერ ხალათს, ჩამოტანილს ალბათ დოჰიდან,

ყატარს სტუმრობდა მისი ქმარი წინა კვირაში,

მე კი ვუყურებ და მუდმივად ვწრუპავ მოჰიტოს,

როცა ლიდია მკერდს იშიშვლებს, როგორც მინაშენს

კანონის მიღმა, დადგენილი მისი ფართობის,

ძილისპირულზე ვიზეპირებ მკერდის კონტურებს,

მაღალკლასელი მოზარდივით ურცხვად ვერთობი,

ვდარდობ იმაზე, რომ ჩაქრება მალე ნათურა,

წავა ლიდია, გადაწეულს დატოვებს ფარდას,

ნიშნად იმისა, რომ მიცქერის, როგორ ვუცქერი,

გაიშლის თმას და თავს ბალიშზე მოწყენით დადებს,

მერე თვალებში ძილი მოვა ლურჯი, უფსკერო...

მე, როგორც წესი, აივანზე ვდგავარ ვეწევი,

მერე ვახველებ, თუმცა რომ ვთქვათ ფეხზე მკიდია,

ვწრუპავ მოჰიტოს და ვუყურებ წინ წამოწეულ

კორპუსს, რომელშიც მეხუთეზე ცხოვრობს ლიდია.