2019-10-15

გალინა ივანოვნა იურივ - ასე მოიხსენიებდნენ მას ოჯახის შემქნამდე, დღეს კი ყველა როგორც გალინა არდაშელიას ან გალინა მასწავლებელს იცნობს.

19 წლის იყო, როცა ცხოვრება ეროვნებით ქართველ მამაკაცს დაუკავშირა და მალევე საცხოვრებლად უკრაინიდან საქართველოში, კერძოდ კი გალის რაიონში გადმოვიდა.

ბუნებრივია, მანაც, როგორც ყველა აფხაზეთში მცხოვრებმა, ომის სიმწარე საკუთარ თავზე გამოსცადა, თუმცა არასდროს უფიქრია საცხოვრებლად უკრაინაში დაბრუნება.

"ჩემი ოჯახი აქაა, ჩემი სახლი საქართველოა" - პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა აფხაზეთის ომის მერე საქართველოდან.

 

ოჯახთან ერთად გამოიარა ყველა სირთულე, რომელიც იმ წლებს ახლდა და ყოველ ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ეძლეოდა უკან ბრუნდებოდა აფხაზეთში.

"პირველად როცა დავბრუნდით, ენგურს გაღმა ახალი ცხოვრება გვქონდა დაწყებული. თუმცა მიუხედავად ამისა, ოჯახმა სურვილი გამოთქვა სახლში დაბრუნების და ჩვენც დავბრუნდით".

1998 წლის მოვლენების დროს მან ისევ დატოვა ოჯახთან ერთად აფხაზეთი, 2001 წელს კი ახლა გალის რაიონის სოფელ თაგილონში, ქართულ სკოლაში, რუსულის მასწავლებლად ბრუნდება.

პროფესიით ინჟინერია და სწორედ, აღნიშნული სპეციალობის დაუფლების პერიოდში გაიცნო მისი მომავალი მეუღლეც.

ახლა უკვე მასწავლებლად მუშაობის 33 წლიანი სტაჟი აქვს და გალში მცხოვრები ქართველების განათლების მიღებაზე ზრუნავს.

გამართულად საუბრობს და წერს ქართულად. ასევე თავისუფლად მეტყველებს მეგრულ ენაზე.

სამი შვილის დედაა, თუმცა ამჟამად სამივე ენგურს გამოღმა ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი, შვილები, სახლი და სკოლაა.

მისი ყოველი დილა 6 საათზე იწყება.

პირველი რასაც აკეთებს, საქონლის დაბინავებაა. წველის ძროხას, აჭმევს ღორებს, ქათმებს, ინდაურებს, კატებს ძაღლებს და ყველა არსებას, რომელიც სახლში ჰყავს და ჰყავს ყველაფერი, რისი ყოლაც სოფლის პირობებში შესაძლებელია.

აბსოლუტურად ყველანაირ საქმეში მეუღლის გვერდითაა.

ყველის ამოყვანის და ოჯახში ყველაზე უფროსი წევრის, ნაირა ბებოს გამოკვების შემდეგ, მირბის სკოლაში. მირბის, რადგან მას ყოველთვის ეჩქარება და სკოლის ეზოში ზუსტად იმ დროს შედის, როცა ზარი ირეკება.

მოსწავლეებთან მკაცრი, თუმცა ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელია.

 გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ისევ სახლში მირბის და კვლავ ოჯახის საქმინობას უბრუნდება.

სახლში ელოდება ბოსტანი, ასობით შინაური ცხოველი თუ ფრინველი და განსაკუთრებული მოლოდინით ნაირა ბებო და მეუღლე.

"დედა თუ სახლში არაა, სულ მოისვენრად ვართ, ის რომ მოდის, თითქოს სახლი ივსება" - ამბობობენ შვილები.

ის ყველგანაა, სადაც მისი ყოფნის აუცილებლობაა. თითქმის არასდროს ძინავს, რადგან შებინდების შემდეგ, როცა სახლის საქმეებს მორჩება, სკოლის საქმეებს უბრუნდება.

ახლა რომ უთხრათ აფხაზეთი დატოვეო, თვალზე ცრემლი მოადგება და ეზო-კარის თვალიერებას იწყებს.

"როგორ წავიდე, ამხელა სახლ-კარი, ჩემი ნაშრომი როგორ მივატოვო, ჩემ შვილებს აქედან ვჭირდები", - ამბობს ის და საქმეს აგრძელებს თვალცრემლიანი.

სიძლიერის მაგალითია. მეუღლე იხსენებს, რომ აგვისტოს ომის დღეებში, მაშინ როცა ყველა სადღაც გაქცევას ცდილობდა, ის ზამთრისთვის შესანახ პროდუქტებს ამზადებდა მშვიდად, რადგან მიიჩნევდა, რომ ომი ახლაც დამთავრდება და მათ ისევ მოუწევთ იქ ცხოვრების გაგრძელება.

ზოგჯერ დაიღლება და იტყვის, რომ მიატოვებს ყველაფერს და შვილებთან წავა, მაგრამ მალევე მოავლებს თვალს ეზო-კარს და გული ისევ სახლში რჩება.

როდემდე მისცემს აფხაზური მხარე გალინა მასწვალებელს საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებას, უცნობია, თუმცა მანამ სანამ ამის საშუალება არსებობს, ჯერ არსად წასვლაზე არ ფიქრობს.

 

ფოტოების სრულად სანახავად გადადით ლინკზე

დღის ამბები