2021-09-28

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.

„ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას და ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები. ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ჯერ კიდევ ჩემი წინა, სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე მოვდივართ ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, მკაფიოდ გაწერილი საარჩევნო პროგრამა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი, პარტია „ქართული ოცნებაა“.

„ეს არ არის ლამაზი სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტი. ეს არის კონკრეტული საქმეები, რაც ზურგს მიმაგრებს და კონკრეტული პროექტები, რომლებსაც კახა კალაძე თავის თანაგუნდელებთან ერთად აუცილებლად გააკეთებს თქვენი მხარდაჭერით. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალურად აქვს სრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა პროექტები უნდა განხორციელდეს დეტალურად რაიონების მიხედვით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით. ჩვენი სიძლიერე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მდგომარეობას. სამწუხაროდ, დღეს არსებობენ ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და არეულობა, დაუპირისპირდნენ ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენთვის ღირებულია, მაგრამ არავის მივცემთ ამის საშუალებას. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა დამატებითი სტიმულია, რომ ვიშრომო 24 საათიან რეჟიმში. ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა მუხიანის დასახლების მოსახლეობას კონსტანტინე ზარნაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა ვიყოთ უმრავლესობით, იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მასშტაბური პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი საკრებულოში კოტე ზარნაძის სახით, რომელიც არის ახალგაზრდა, უპატიოსნესი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობას ასევე სიტყვით მიმართა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ.

„კახა კალაძის ხელი ნამდვილად დაეტყო გლდანის რაიონს. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად მახსოვს მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა - გლდანი იყო პერიფერიული გარეუბნის დასახლება, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. მე, გლდანის რაიონის რიგითმა მცხოვრებმა მინდა, მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ დღეს ჩვენს შვილებს მწვანე სივრცეები, სპორტული მოედნები და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურა აქვთ. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

დღის ამბები