2021-02-09

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში, მე-5 და მომდევნო კლასების მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებს დაურიგდებათ სპეციალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა აკონტროლონ პროცესი.

„სასიხარულოა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს და პირბადეების საკითხი სწორედ იმიტომ დავამატეთ, რომ ონლაინ-სწავლებაზე დაბრუნება აღარ დაგვჭირდეს. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის. გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ.  გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული“, - განმარტა მინისტრმა.

განათლების მინისტრის თქმით, ჯერჯერობით, პირბადეები მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ და ამის შესახებ სკოლებს მშობლებთან კომუნიკაცია ექნებათ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღების გახსნას, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ამაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მოგვიანებით ისაუბრებს.

დღის ამბები