2019-06-14

მოსახლეობა, ახმეტელის მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებული კონდენციონერების დემონტაჟს მოითხოვს.

როგორც „მშობელთან“ საუბარში მიწისქვეშა გადასასვლელით მოსარგებლეები აცხადებენ, გადასასვლელის ყველა მაღაზიას კონდენციონერი აქვს დაყენებული, ცხელი გამონაბოლქვის მასა კი მთლიანად გარეთ გამოდის და გამვლელებს „ახრჩობს“.

„ძალიან პატარა მონაკვეთზე 10-მდე კონდენციონერია დამონტაჟებული. შიგნით რა თქმა უნდა გრილდებიან, გარეთ გამვლელებს კი გარდა იმისა, რომ ზაფხულის სიცხე გვაწუხებს, კონდენციონერის გამონაბოლქვი პირდაპირ სახეში გვიბერავს. დაგვყავს ბავშვები და ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია“, - აცხადებენ გამვლელები.

მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, რომ შესაბამისი ნებართვა აქვთ მერიისგან აღებული.

„მშობელი“ ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ პრობლემა შარშანაც არსებობდა და აღნიშნულზე არაერთი ზარია შესული.

კითხვით, თუ რა რეაგირება მოხდა შარშან და რა რეაგირებას აპირებს შესაბამის სამსახური მოსახლეობის მიმართვაზე, „მშობელი“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ნებართვების საკითხის გასარკვევად, არქიტექტურის სამსახურს უნდა მივმართოთ.

არქიტექტურის სამსახურში კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცემული ნებართვა არ იძებნება და აცხადებენ, რომ რეაგირება ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა.

ამასთან, მათივე ცნობით, სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად  აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით.  ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე; 

არქიტექტურის სამსახურში მიღებული პასუხის შემდეგ, იგივე კითხვით, კვლავ ზედამხედველობის სამსახურის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც ორდღიანი მცდელობის შემდეგ, ასეთი პასუხი მივიღეთ: „ბოდიში, იმიტომ დაგვიგვიანდა პასუხის, რომ გადავამოწმეთ ყველა საჭირო ნორმა, ამ ეტაპზე ამ ინფოს მოწოდება შემიძლია: ეს საკითხი მოითხოვს მთელი რიგი ცვლილებების შეტანას კანონში, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენურ რეგულაციებზე. საკანონმდებლო რეგულაციები გამონაბოლქვზე  არ არსებობს“.

აღსანიშნავია, რომ კონდენცირების სისტემა ანალოგიურად, არა მარტო აღნიშნულ ადგილას, არამედ ქალაქის სხვა უბნებშიცაა დაყენებული.

საზოგადოება