2019-04-08

დევნილებისთვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობისთვის, ოჯახის ყველა წევრმა განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეავსოს.

საქმე ეხება, ახალ პროექტს, რომლის თანახმადაც 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

როგორც „მშობელს“ სამინისტროში განუცხადეს, პროგრამაში მოანწილეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელი პირობაა, ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატებოდეს.

„განაცხადი კითხვარის სახით არის შედგენილი. ოჯახის სრულწლოვანი წევრები სრულად უნდა გამოცხადდნენ ან იქონიონ შესაბამისი მინდობილობა. განაცხადს ყველა ინდივიდუალურად ავსებს“.

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, მოხდება ყველა იმ კრიტერიუმით, რაც დანარჩენ სხვა პროგრამებშია, ერთი გამონაკლისით, ამ შემთხვევაში არ ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო მინიჭებული ქულის გათვალისწინება.

„ოჯახის შემოსავალი წლიური 40 000 ლარზე მეტი თუ იქნება, მისი განაცხადი, ავტომატურად განულდება. საკუთრება არ უნდა ფიქსირდებოდეს ოჯახის წევრის სახელზე. თუ საერთოდ არააქვს შემოსავალი, მათ ალბათ ექნებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მათაც ნაკლები შანსი აქვთ, რადგან ეს პროგრამა ძირითადად გათვლილია ისეთ კატეგორიაზე, ვისაც კონკრეტული შემოსავალი აქვს, მაგრამ ამ თანხით ვერ ახერხებს სახლის ყიდვას. წელს საპილოტე რეჟიმში უნდა განხორციელდეს პროგრამა. 50 ოჯახს უნდა შევუძინოთ ბინები. თანხას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რადგან არ ვიცით ჯერ რამდენსულიანი უჯახები იქნება. ქულების რეიტინგით, ალბათ ასამდე ოჯახი შეირჩევა მონიტორინგისთვის, შემდეგ კი მოხდება მათ მიერ განაცხადში მითითებული მონაცემების შემოწმება. მონიტორინგის შემდეგ კი ალბათ გაიფილტრება. დევნილები ფართში შეზღუდულები არ არიან, მათ აქვთ თანხის დამატების უფლება, თუმცა ეს თანხა კვადრატზე 60 დოლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. დევნილის თანამონაწილეობა აუცილებლები პირობაა“.

თითოეულ ოჯახთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდება, შესაბამისად, ინდივიდუალურად გადაწყდება დევნილი მის წილ თანხას ბანკის დახმარებით დაამატებს თუ სხვა ფორმით.

„დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, დევნილს ბინის მოსაძებნად ეძლევა სამთვიანი ვადა. ამის შემდეგ წარმოდგენილ სახლს ჩაუტარდება სასაქონლო ექსპერტიზა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოხდება შესყიდვა. ხელშეკრულებას ხელს აწერენ სამინისტროში, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დევნილ ოჯახს გადმოუფორმდება წარმოდგენილი სახლი, შემდგომ ხდება მესაკუთრისთვის პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვა“.

პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შევსება უკვე დაწყებულია და პირველ მაისამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს.

შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე  დამატებით 10კვ.მ.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა;

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106;

ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

 

 

საზოგადოება