დევნილთა სააგენტომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
ქუთაისში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
- ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
- ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
- გორი სამების ქუჩა N1;
- რუსთავი, კოსტავას ქ.N20.
განაცხადი უნდა განაახლონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.
16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.