2019-07-27

ამბავი იმისა, თუ როგორ ,,მომპარა“ კავკასიის უნივერსიტეტმა ,,გრედუეიშენი"

„ამბავი იმისა, თუ როგორ ,,მომპარა“ კავკასიის უნივერსიტეტმა ,,გრედუეიშენი" (დიპლომების გადაცემის ცერემონიალი)“, - აღნიშნული სათაურით პოსტს, სოციალურ ქსელში, კურსდამთავრებული, ნატალია ჯალაღონია აქვეყნებს.

საქმე ეხება, კავკასიის უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

როგორც ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნათია ჯალაღონია წერს, სტუდენტების ნაწილს, იმის გამო, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანი (390 ლარი) იყო და არჩევანის უფლება არ მიეცათ, ცერემონიას ვერ დაესწრნენ.

„პოსტს ვწერ დაგვიანებით - უპირველესად, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს დღე იმ ხალხისთვის ჩამემწარებინა, ვინც ამ ღონისძიებაზე წავიდა. შორიდან ყველაფერი ლამაზად არის შეფუთული, უნივერსიტეტის პრეზიდენტის - კახა შენგელიას სიტყვებიც საკმაოდ დიდი ემოციებით იყო გაჟღენთილი. არადა, სწორედ მისი დამსახურებით (და არამარტო), სტუდენტების ნაწილი ვერ/არ ესწრებოდა ღონისძიებას. კავკასიის უნივერსიტეტის ,,გრედუეშენის" ღირებულება 390 ლარით განისაზღვრა. ღონისძიება ორ ნაწილად დაყვეს - პირვეელ დღეს დიპლომების გადაცემა, ქუდების აყრა დაიგეგმა, მეორე დღეს - After Party (წვეულება). დამამთავრებელი კურსის არაერთმა სტუდენტში გამოითქვა პროტესტი, რადგან ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ვერ ახერხებდა ღონისძიებებზე წამოსვლას. არადა, დამეთანხმებით, რომ არცერთი სტუდენტი არაა იმის ღირსი, ამ დღეს თავის კურსელებთან ერთად არ იყოს და სიხარულს მათთან ერთად არ იზიარებდეს. ჩვენი მხრიდან გაჩნდა შეთავაზება და თხოვნა, რომ უნივერსიტეტს ეს ორი ღონისძიება ფინანსურადაც დაეყო - შესაბამისად, სტუდენტები უფრო შეძლებდნენ იმ დაყოფილი თანხის მოძიებასაც და არავინ არ დააკლდებოდა პირველ დღეს.

როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, მათ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღეს მეორე დღის წვეულების დაფინანსება. შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურიც იყო თხოვნა, რომ უფრო მართებული იქნებოდა, დაფინანსებულიყო ღონისძიების პირველი (ქუდები, მანტია, დიპლომის გადაცემა) და არა მეორე დღე. რაც უკვე წვეულებას შეეხება, ამ ხარჯის დაფარვა ნებაყოფილობითი უნდა ყოფილიყო და იმის მიხედვით წამოვიდოდნენ სტუდენტები, თუ როგორი შესაძლებლობა ექნებოდათ.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველ დღეს ალბათ ყველა წამოვიდოდა და ორივე დღეს ის სტუდენტები დაესწრებოდნენ, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ან სურვილი ექნებოდათ.

როგორც გვითხრეს, ეს იწვევდა არეულობას და ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ. გარდა ამისა, ეს ყოფილა უნივერსიტეტის პრაქტიკა წლების განმავლობაში და ამას უნდა შევგუებოდით. მოკლედ, შესაბამის დეპარტამენტთან თითქმის ერთთვიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, სხვა გზა რომ არ დარჩა, გადავწყვიტე, პრეზიდენტისთვის - კახა შენგელიასთვის დამერეკა. ვიფიქრე, ალბათ არ იცის პრობლემის შესახებ, ავუხსნი და ყველაფერი დალაგდება. იცით, რა მითხრა ბატონმა პრეზიდენტმა? - ხომ იცით, სადაც სწავლობთ ან აბარებდითო? (ანუ ფინანსურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი) და თუ ასე ძალიან გსურთ წამოსვლა - ისესხეთ თანხა და წამოდითო.

ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ,,კლასობრივი“ უთანასწორობა.

საქმე ისაა, რომ აქ თანხის ამბავს ძალიან სცილდება პრობლემა - იქნებ სტუდენტს სულ არ სურს მეორე დღის After Party-ზე წამოსვლა, მაგრამ ძალიან უნდა, პირველ დღეს დაესწროს? რატომ არ აქვს არჩევანის უფლება? რატომ უნდა იხდიდეს ფულს იმაში, რაზე წასვლაც არ სურს?

მეორეც - მე საერთოდ არ მქონია დიდი ფინანსური შესაძლებლობები, როცა აქ ჩავაბარე. დაფინანსებების გარეშე ვერანაირად ვერ გავწვდებოდი ორმაგ გადასახადს. ჩემნაირი ბევრია - ყველა არაა აქ ,,ფულიანი“ (გაგიკვრიდებათ და). ანუ თუ ფული არ გაქვს, აქ ჩაბარებაზე არც უნდა იოცნებო და პრეტენზიაც არაფერზე არ უნდა გქონდეს - ასე გამოვიდა.

მოკლედ, ჩვენმა ნაწილმა დაკარგა შესაძლებლობა, რომ სტუდენტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს დასწრებოდა და რატომ? - მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსური შესაძლებლობა ან ღონისძიების ორივე ნაწილზე დასწრების სურვილი არ ჰქონდა. ბევრმა ბოლო დღემდე იცადა და, საბოლოოდ, მაინც ჩარიცხა თანხა - მესმის მათი. რთულია, იმ დღეს იყო სხვაგან და ათვალიერებდე კურსელების ფოტოებს, თუ როგორ აღნიშნავენ უნივერსიტეტის დასრულებას.

მე პრინციპულად ვერ წავიდოდი იქ, სადაც უსამართლობის ამხელა შეგრძნება გამიჩნდა“, - წერს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ამასთან ის, კურსდამთავრებულთა მეორე პრობლემაზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მათ არჩევანის უფლება არც დიპლომის აღების დროს მიეცათ. კერძოდ, დიპლომის ფასი 120 ლარს შეადგენს და მოიცავს დიპლომის ორ ვარიანტს, ჩვეულებრივ და ჩარჩოში ჩასმულს.

„დიპლომში 120 ლარი უნდა გადავიხადო დამატებით. როგორც უნივერსიტეტში ხსნიან, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ორი დიპლომი გადმოგვეცემა - აქედან ერთ-ერთი არის ჩარჩოში ჩასმული და შთამბეჭდავი. აქაც არაა არჩევანი. იხდი თანხას და იღებ ორივეს ან არ იხდი და რჩები დიპლომის გარეშე. ანუ არავის აინტერესებს, გინდა თუ არა ჩარჩოში ჩასმული დიპლომი. მითხარით, არ უნდა გქონდეს არჩევანის უფლება? ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ხომ ისედაც ,,იყიდის“ დიპლომებს? კონტრარგუმენტი იქნება ის, რომ ეს უნივერსიტეტი კერძოა და რასაც უნდათ, იმას იზამენ. თუმცა, რამდენად ჩაჯდება ეს კონტრარგუმენტი პროფესიონალურ მიდგომებში - თქვენ განსაჯეთ“.

ჯალაღონიას პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, რის შემდეგაც განარტების სახით, შესაბამისი პოსტი უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე დაიდო:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონიალი უნივერსიტეტის ტრადიციაა და უკვე 20 წელია გრანდიოზულად იმართება, მასში მონაწილეობის მიღება და ღონისძიების საფასურის გადახდა არის ნებაყოფლობითი. კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი, ჩარჩოს და ატრიბუტიკის გარეშე, გაიცემა უფასოდ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

გამომდინარე იქედან, რომ უნივერსიტეტის განმატრებამ გარკვეული კითხვები დატოვა, „მშობელი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მარიამ მაღულარიას დაუკავშირდა.

- რამდენმა სტუდენტმა დაამთავრა წელს, რამდენმა მიიღო ღნისძიებაში მონაწილეობა და რამდენმა ვერა?

- დაახლოებით 400-მდე. გრედუეიშენს დაესწრო 350 წელს ვინც დაამთავრა და 8 კურსდამთავრებული წინა წლებიდან, ვისაც უნდოდა დასწრება.

- როდიდან გახდა დიპლომი უფასო (ძველი კურსდამთავრებულები ამბობენ რომ ადრე არ იყო არჩევანის უფლება უფასო და ფასიან დიპლომებს შორის)?

- წელს გახდა უფასო. რამდენიმე წლის წინანდელ კურსდამთავრებულებსაც აქვთ უფასოდ აღებული. თავად წყვეტენ სტუდენტები უნდათ თუ არა ჩარჩო და ტყავი, ის ატრიბუტიკა, რომელიც უნდა მოხმარდეს დიპლომს. მე მაგალითად ასეთი მაქვს.  

- განიხილა თუ არა უნივერსიტეტმა სტუდენტების პროტესტის თემა, გამიჯნულიყო პირველი და მეორე დღე? და რატო არ გაიმიჯნა?

- განიხილა, მოისმინა და გაუნაწილა კიდეც გადასახადი სტუდენტებს, რომლებიც მოლაპარაკებას ითხოვდნენ, ჩვეულებრივად და ადეკვატურად. პირველი დღის საფასურია ეს და მეორე დღე არის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, ასე გააგრძელოს პირველი დღე.

- თუ მეორე დღე უნივერსიტეტის საჩუქარია (როგორც ეს განიმარტა), რატომ არ ჰქონდათ დასწრების უფლება მათ, ვინც თანხა ვერ გადაიხადა და პირველ დღეს ვერ დაესწრო?

- იმიტომ არ ჰქონდათ რომ ღონისძიების მონაწილეები ესწრებიან მეორე დღეს მხოლოდ, ლოგიკურად. ტექნიკურად არ ვყოფთ ამ ორ დღეს. ერთი ამბავია. მეორე დღეს არის გაგრძელება, უბრალოდ ამ ადამიანებისთვის.

- რატომ არ გაიცემა უფასო დიპლომები სექტემბრამდე?

სახელმწიფოს ჰკითხეთ ეს. ამ დროს იბეჭდება და განთლების სამინისტროს დაუკავშირდი.

- ღონისძიებისთვისაც მათ დაბეჭდეს, თუ თქვენ?

- ღონისძიებაზე გადასაცემი დიპლომი, რა საკვირველია, ჩვენ დავბეჭდეთ და დავამზადეთ ჩარჩოში ჩასმული. ეს დეტალები ჩემთვის ცნობილი არაა, უნდა ჰკითხოთ კონკრეტულ ადამიანს, ვისაც დიპლომების საკითხი ეხება.

- და ბოლოს, შეძლებენ თუ არა წინა წლების კურსდამთავრებულები დიპლომის უფასოდ აღებას?

- კი, შეძლებენ უფასოდ წაღებას, რადგან ეს უფასო გახდა. ვისაც უნდა გავუკეთებთ შესაბამისს და გადაიხდის თანხას.

 

ირინე არდაშელია

განათლება