2019-07-18
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი „გლორია“, - ეს ის თემებია, რაზეც 9 წლის წალენჯიხელი ბიჭი ქაიან ბელქანია შეუჩერებლად საუბრობს.

ქაიანი წალენჯიხაში, პატარა სახლში, ბებიასთან ერთად ცხოვრობს. დედა თურქეთში მუშაობს. ქაიანი ამბობს, რომ ასტრონომიაზე წიგნები არ აქვს, არც ტელესკოპი უნახავს, თუმცა ბიბლიოთეკაში დადის „ლურჯი ენციკლოპედიის წასაკითხად“.

ამბობს, რომ ყველაზე მეტად უყვარს ფიზიკა, ბუნება და მათემატიკა. კოსმოსის შესახებ ვიდეო პირველად იუტუბზე ნახა და ასტრონომიით მას შემდეგ დაინტერესდა.


„ფიზიკას მე-11 კლასში ასწავლიან. წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რომ აქ არის ძალიან საინტერესო ამბები კოსმოსზე, უცხო პლანეტებზე. კოსმოსის შესწავლა პირველი კლასიდან დავიწყე და მეათე პლანეტით დავინტერესდი“. 

პატარა ბიჭს დღის განრიგი გაწერილი აქვს. დილით თავს რომ მოიწესრიგებს, თანატოლებთან ითამაშებს, საყვარელ ცხოველებს მოეფერება, შემდეგ დროს ანაწილებს მეცნიერებისთვის და ფიზიკური ვარჯიშისთვის.

„დილით ვდგები, ვთამაშობ სათამაშო პისტოლეტით, მივდივარ ცხოველებთან, კატასთან, ძაღლებთან და ვეფერები და ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. ეს კი ძირითადად მეცნიერებას ეხება. ამჟამად დაინტერესებული ვარ ანდრომედას გალაქტიკით. ვიდეოების ნახვას ორ საათს ვუთმობ. ასევე ვვარჯიშობ, დავრბივარ, რადგან ჯანმრთელი ცხოვრების წესი სასარგებლოა".

მეზობელმა თანატოლებმა მისი ნიჭი თავიდანვე შეამჩნიეს, თუმცა როგორც ქაიანი ამბობს, სკოლაში აღიარების მოპოვება გაუჭირდა, რადგან მის ნაამბობს კოსმოსზე არ უსმენდნენ.

„შეჯიბრი გვქონდა სკოლაში. მეათეკლასელებთან ერთად ვიყავი. დავიწყე კოსმოსის შესახებ საუბარი. ბიჭებმა არ მომისმინეს. შემდეგ მეგობრებთან მივედი, რომლებიც ბურთს თამაშობდნენ. ეს ისეთი თამაში იყო, არ ათამაშებდნენ იმას, ვინც თავიდან არ დაიწყებდა. ამიტომ ისევ უკან მოვბრუნდი. გოგოები შემხვდნენ, ჩვენ მოგვიყევი კოსმოსზეო - მითხრეს და მოვუყევი. ამის შემდეგ მთელმა სკოლამ გაიგო, რომ კოსმოსი ვიცოდი". 

კითხვაზე, არის ისეთი რამე, პლანეტების გარდა რაზეც ფიქრობს, ქაიანი დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ არა.

ბიჭის ოცნებაა გახდეს მეცნიერი ან კოსმონავტი და ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
 

განათლება