2020-03-03

როცა გავიგე, რომ ჩემში იყო, შემეშინდა. მთელი ცხრა თვე მეშინოდა. როცა დაიბადა, მაშინაც მეშინოდა - როგორ უნდა ვყოფილიყავი დედა? როგორ უნდა მომევლო? რძე რომ გადასცდენოდა? მუცელი რომ ასტკიებოდა? რომ ვერ გამეგო რატომ ტიროდა?

პირველად რომ სიცხე ჰქონდა, ღმერთო, როგორ მეშინოდა. მკერდში, გულის გვერდით, რაღაც დიდი საგანი მოთავსდა და სანამ სიცხემ არ გაუარა, არც იმ რაღაცამ მისცა ჩემ გულს ნორმალურად ფეთქვის საშუალება. მეგონა დროთა განმავლობაში, როცა გამოცდილება შემემატებოდა, მივეჩვეოდი. ვერ მივეჩვიე. ყოველი ავად გახდომის დროს ის საგანი ისევ აქაა და ისევ ავიწროებს ჩემს გულს.

მეშინოდა არ გამომეტოვებინა პირველი სიტყვა და პირველი ნაბიჯი. გამიმართლა- არ გამოვტოვე. როცა ღამე პირველად დავტოვე, მაშინაც უზომოდ მეშინოდა. ვაითუ ეტირა? ვაითუ მოვნატრებოდი? ვაითუ არ მოვნატრებოდი?

როცა ბაღში წავიდა, გული მისკდებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო უჩემოდ, უჩვენოდ? როგორ უნდა ეჭამა? როგორ დაიძინებდა? ვინმეს რომ ეწყენინებინა? როცა იტირებდა, ვინმე ჩაეხუტებოდა? იქნებ ჰგონებოდა, რომ მივატოვეთ?

წინ კიდევ უამრავი შიში მაქვს, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი შიშები. მაგრამ ყველაზე მეტად იმ დროის მოსვლის მეშინია, როცა მისი მკლავები ჩემს ყელს გაუუცხოვდებინ, ისე, როგორც ჩემი მკლავები გაუუცხოვდნენ დედაჩემის ყელს.

 

თაკო მათეშვილი

ბლოგი