გარდაცვლილ ადამიანებს როგორ იხსენებენ ხომ იცით? დიდებულად.
კაცი (ვინმე კაცი) 80 წელი ბოროტი იყო და რომ მოკვდა, შარაში გაშლილ სუფრაზე აცხონეს უკვე. იმ დღის დამარხული.
ბოროტი იყო ეს კაცი, ნამდვილად ბოროტი. მაგრამ მოკვდა და გაკეთილშობილდა.
მიჩვეულები ვართ ამას.
...
ემიგრაციაში წასვლის ჩემი პირველი მცდელობა კრახით დასრულდა - გამოფრენამდე სამი დღით ადრე მუხლი ამომივარდა.
ნიშანიაო მეუბნებოდნენ.
არ გიშვებს ღმერთიო.
მოვრჩი თვეების შემდეგ და ისევ ჩამოვუარე ძალიან ახლობლებს დასამშვიდობებლად.
უხაროდა ყველას. აი ნახავ როგორ გამდიდრდები, იტალიელზე გათხოვდები და შენი ცხოვრება ზღაპარივით იქნებაო.
გაგიჭირდებაო არავის უთქვამს.
რას გამომიგზავნიო - ყველა მეკითხებოდა.
უკვე ვხედავდი როგორ სამუდამოდ წასულად აღმიქვავდნენ. უკვე უცხო და უკვე მდიდარი ვიყავი.
გარდაცვლილივით დიდებული გავხდი.
სამშობლოც კი დაიტირა ზოგმა, რა შვილი დაჰკარგე მამულოო (იმერლები სარკაზმით გამოვირჩევით, მოგეხსენებათ).
აეროპორტში ორი ადამიანის თანხლებით წავედი.
ნიშანივით იყო ესეც.
...
პირველ თვეებში მკითხულობდნენ. მეკითხებოდნენ როგორია იტალია, როგორ ოჯახში ვარ, რამდენი მაქვს ხელფასი, ჩემებს თუ ვეხმარები და ათას, ასეთ მომაკვდინებელ რამეს.
მერე მოკითხვები შემცირდა.
გაიშვიათდა.
კიდევ ორი წლის შემდეგ "ელისო, როგორ ხარ?" ისე ჟღერდა, როგორც "ელისო, 100 ევრო გამომიგზავნე".
გულისწყვეტა უარზე.
კომენტარები: "როგორ მოგიხდა იტალია", "ნეტავი შენ", "შენ რა გენაღვლება, მაგარ "პონტში" ხარ", "მაგარ დროს ატარებ ვატყობ", "აუ, რა კარგი ზედა გაცვია, გამომიგზავნე რააა", "აღარ ჩამოხვალ ხო შენ?"
თუ რეალურ ყოფაზე ვიტყოდი რამეს, ნუ წუწუნებო.
აბა რა გეგონაო.
რას იკლავ თავს, შვილი შენ არ გყავს და ქმარი, ჩამოდიო.
(ქმარ-შვილიანების შემთხვევაში - შვილებიც დაიზრდებიან, ქმარიც სხვას მოძებნის, შენ რას იკლავ თავსო).
ახლა ვამბობ, რომ წლის ბოლოს ვბრუნდები და...
"აქ რა უნდა აკეთო, აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ღვთის მადლით ევროპაში ხარ, ორ კვირაში გაიქცევიო".
რატომ გვაქვს ჩვენ, ემიგრანტებს და ჩვენ ახლობლებს ასეთი განსხვავებული შეხედულებები?
იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ ფოტოებს, სადაც ჩვენ ვიცინით.
ჩვენ ფოტოებს მაშინ ვიღებთ, როცა სადღესასწაულოდ, ანუ ჩვენი დასვენების დღისთვის ვემზადებით.
როცა ფინჯან ყავაზე, მთელი წვიმიანი დღეები კაფეებში გაგვყავს.
თქვენ ხედავთ, ჩვენ ვგრძნობთ.
ელისო კავილაძე - ჭინჭარი
მეხუთე წელი ემირაციაში