2019-04-01

დაახლოებით ერთი წლის წინ, იტალიელმა ნაცნობმა დედამისისთვის მომვლელის მოძებნა მთხოვა. უმუშევარი ახლობელი არავინ მყავდა და ემიგრანტების ჯგუფში დავდე განცხადება, მოკლე აღწერა სამსახურის. მარტოხელა მოხუცი, ქალაქიდან საკმაოდ შორს, სოფელში ცხოვრობს და მხოლოდ ზამთარში გადმოდის საცხოვრებლად რეჯოში.
მსურველი ქალი მეორე დღესვე შეხვდა მოხუცის შვილს. მითხრა, რომ ვერ შეთანხმდნენ.

დღეს ეს ნაცნობი იტალიელი ვნახე. 
მოვიკითხეთ ერთმანეთი.
შეწუხებული იყო, ისევ აცივდა, არადა დედაჩემი და შენი "პაეზანა" მაინცდამაინც გუშინ დაბრუნდნენ სოფელშიო.
გამიკვირდა - ვინ ჩემი პაეზანა?
აი, ის დედაჩემის მომვლელად რომ გამომიგზავნეო.

თურმე მაშინვე შეთანხმებულან და ძალიან კარგად თანამშრომლობენ.

ერთადერთი ახსნა, რატომ დამიმალა იმ ქალმა - შეეშინდა ფული არ მომეთხოვა სამსახურში.

ახლა ეს ავხსნათ - სამსახურში ფულის მოთხოვა-გადახდა.

დავიწყებ იმით, რომ ყველაზე ერთნაირად არ ვლაპარაკობ. თუ ვინმე განსხვავებულ სიტუაციას მომიყვანს მაგალითად, დიახ, ქვემოთ აღწერილს გამონაკლისები ჰყავს. 
(მეც მყავს მეგობარი "დედა ტერეზა", რომელიც თავისი დასვენების დღესაც კი უცხო ადამიანების დახმარებაში ატარებს)

მაგრამ თემის სამარცხვინო და უსამართლო ბუნების გამო, თუ ჭინჭარი ვინმეს დასუსხავს, ბოდიშს არ მოვიხდი.

... 
ვინ ითხოვს ფულს (სოლიდურ თანხას) ქართველი ემიგრანტის დასაქმებაში?

1. აგენცია,ანუ დასაქმების სააგენტო. იტალიური, ოფიციალურად რეგისტრირებული სააგენტო. ამ ტიპის სააგენტოებით იტალიაში მხოლოდ ლეგალურად მყოფი მიგრანტები სარგებლობენ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.

2. ე. წ დამსაქმებელი.

ამ საქმიანობის - დამსაქმებლობის - მორალურ მხარეზე არაფერს ვიტყვი. ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც შეგვიძლია. მარტივად - სხვისი შრომის ხარჯზე, ან - მონურად ვმუშაობთ.

დამსაქმებლები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ქირაობენ ბინას. შემდეგ - აქირავებენ დღიურად.

ერთ ოთახში აცხოვრებენ იმდენ ქალს, რამდენი საწოლიც ეტევა. ანუ ბინა კი არა, ქირავდება საწოლი. ხშირად - მხოლოდ ლეიბი.

დამსაქმებლები სამსახურის მოძებნას, დასაქმებასა და ელემენტარული ყურადღების მიქცევას იღებენ თავიანთ თავზე. 
სინამდვილეში, უმეტესად ასე არ არის.

(სამსახურს, ვიდრე თვეების ბინის ფული არ დაუგროვდებათ, არ აძლევენ პროცენტიანი ვალებით ჩამოსულ ქალებს).

ხანგრძლივი უმუშევრობის შემდეგ, უშვებენ სამსახურში ყოველგვარი კითხვის გარეშე. ანუ შეუძლია თუ არა კონკრეტულ პიროვნებას კონკრეტულ ოჯახთან მუშაობა - არავის აინტერესებს. თვეობით უმუშევარი ქალები, რომელთაც პირვანდელ ვალებზე ბინის და კვების ფულიც დაემატათ, რა თქმა უნდა, თვალებს ხუჭავენ და შედიან სამსახურებში.

ასე მიღებულ სამსახურში გარკვეულ თანხას იხდიან, წესით ხელფასის შესაბამისად. 
თუმცა ყველა დამსაქმებელს თავისი ტარიფი აქვს. ზოგი მთლიანად, პირველი თვის სრულ ხელფასს იღებს, ზოგი - ნახევარს, ზოგი - 200 ან 300 ევროს.

(ანუ ქალი, რომელიც მთელი თვე ჯოჯოხეთში ცხოვრობს, იღებს ხელფასს და დამსაქმებელს უხდის იმიტომ, რომ "ეს სამსახური ასე ღირს".
მეორე თვის ხელფასით ბინის ვალს იხდის.)

მსმენია, რომ პასპორტსაც კი იტოვებენ ე. წ. დამსაქმებლები. ასე უფრო იმედიანად გრძნობენ თავს "კუთვნილი თანხის ამოღებისთვის".

ამასთან, თუ შემთხვევით, ენის პრობლემის გამო, დახმარება დასჭირდა ახალბედა მომვლელს, დამსაქმებელი არ უნდა შეაწუხოს.

(დაფიცება შემიძლია, რომ დამსაქმებლის მიერ გაშვებული ქალებისთვის (ჩემთვის უცნობი ქალებისთვის) მათი "პატრონი" დამსაქმებლის ნაცვლად, მოხუცების შვილებთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მირკვევია, როგორიც დასვენების დღე და ხელფასია.)

მოკლედ, ე. წ. დამსაქმებლობა, თუ დავაკვირდებით, შემოსავლიანი საქმეა და ალბათ ამიტომ იმ ბოლო ოთხ წელში, რაც მე იტალიაში ვარ, მათი რიცხვი თანდათან იზრდება.

3. "ვიღაცის ახლობელი" - ასე დავარქვი პირობითად. 
ესენი უკვე ის ადამიანები არიან, ვისაც "დამსაქმებლობა" ეუხერხულებათ, მაგრამ სამსახურის გაყიდვა სხვისი სახელით - არა.

ასე მაგალითად : იტალიელი, ან ქართველი ნაცნობი მეუბნება, რომ არის ოჯახი, რომელიც მომვლელის ეძებს. მე ვურეკავ ახლობლებს და ვეძებ მსურველს. ვაყოლებ, რომ სამსახური იყიდება, ანუ გადასახდელია თანხა.
ჩემი ნაცნობი თავის ნაცნობს, რომელიც სამსახურს ეძებს, აძლევს ჩემს ნომერს. მე ვუხსნი ოჯახში არსებულ სიტუაციას, ვაქებ და ვადიდებ ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ არც ვიცნობ და ვუთანხმდები ჩემი ახლობლის ახლობელს, რომ თუ ამ ოჯახში სამუშაოდ დარჩება, გადახდის გარკვეულ თანხას.

ანუ ოჯახის საკონტაქტო კოორდინატებში ვიღებ, მაგალითად, 200 ევროს.

არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემს დასახელებულ 200 ევროს კიდევ 100 ევროს ამატებენ. არ ვიცი, საშუამავლოც შეიძლება ვუწოდოთ.

სამსახურით ვაჭრობა - ასეც შეიძლება დავარქვათ - გადამყიდველებს, პირველ ხელსა და გაჭირვებულ, თითქმის მშიერი ემიგრანტ ქალს შორის იტალიელი მოხუცით ვაჭრობა.

რა თქმა უნდა, იტალიელმა ამის შესახებ არაფერი იცის და გულითად მადლობას მიხდის დახმარებისთვის. 
...

არ მინდა ზედაპირული ვიყო, მაგრამ უნდა ვაღიარო - შენი "პაეზანა"(თანამემამულე) რომ მეტყვიან ხოლმე იტალიელები, ვიძაბები.

... 
კულისებიდან მაყურებელი კარგად ჩანს, მაყურებელი კი კულისებში ვერაფერს ხედავს. ანუ ცოტა რამ ჩვენი ცხოვრების ავ-კარგია. დღეს - უფრო, ავისა და ცუდისა.

 

ელისო კავილაძე - ჭინჭარი

მეხუთე წელი ემიგრაციაში

ბლოგი