2018-05-23

წარსულს და თანამედროვეობას თუ შევადარებთ, აუცილებლად შევამჩვნევთ ცვლილებას შეხედულებებში, სწორედ ამ ცვლილებების ფონზე მინდა ჩემი გადასახედიდან დანახულ განსხვავებაზე მოგიყვეთ.

არც თუ ისე უახლოეს წარსულში, ქართველი მამები პირველ რიგში ოჯახის პირველ კაცად მოიაზრებოდნენ. ისინი ზრუნავდნენ ოჯახზე და პირველი შემომტანები იყვნენ, შვილების გაზრდა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები კი მთლიანად დედებზე იყო დაკისრებული, რაც იმას ნიშნავდა რომ ქალი სახლში უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შვილებისთვის მიეხედა. შვილებს დედის ზრუნვა არ აკლდათ, რასაც მამებზე ვერ ვიტყვით. შვილები ასე იზრდებოდნენ, მათთვის  ეს ყველაფერი მიღებული იყო, რადგან ასე ასწავლეს.

როცა ქვეყანაში კრიზისი განვითარდა, რამდენიმეწლიანი სისხლიანი ომის ფონზე, ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება შეიცვალა, ბევრს უმამოთ მოუწია გაზრდა, ბევრი მამა კი ცდილობდა დაკარგული დრო აენაზღაურებინა და დანაკლისი შეევსო. არსებობდნენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არ ღალატობენ ტრადიციებს და პირნათლად ასრულებენ ძველ მიდგომებს. თუმცა დღეს, მამაშვილური დამოკიდებულება უმეტეს ქართულ ოჯაში შეცვლილია, რაც ვფიქრობ, სასიხარულოა. მშობლებს საქმე ისე აქვთ გადანაწილებული, რომ პრიორიტეტი არა ოჯახში უფროს-უმცროსობას, არამედ ერთიანობას ენიჭება. ყველაზე მნიშვენლოვანი კი შვილის აღზრდაა.

როგორი უნდა იყოს მამა? რა არის იმისთვის საჭირო, რომ ბავშვს სრულფასოვანი ბავშვობა ჰქონდეს? - უპირველეს ყოვლისა, ოჯახში მშობლების ურთიერთდამოკიდებულება მშვიდი და გაწონასწორებული უნდა იყოს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება.

ვფიქრობ, მამისთვის სათაკილო არ უნდა იყოს შვილზე სწორედ ისე იზრუნოს, როგორც დედა ზრუნავს მასზე. ბავშვისთვის სასიამოვნოა, როცა შეხმატკბილებულ მშობლებს უყურებს, ის ამით თავს ყველაზე დაცულად გრძნობს. თუ ოჯახში მცირედი დაძაბულობა მაინც არსებობს, ბავშვები ამას აუცილებლად გრძნობენ.

თუ მამა თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს შვილს უთმობს, შეიძლება ითქვას რომ მამაშვილური ურთიერთობის საფუძველი მყარია და მას მხოლოდ აშენება სჭირდება.

გაზრდის პროცეში მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა, რადგან მისთვის საყრდენი კედელი ხარ, შენით სწავლობს, იგებს სიახლეებს და ვითარდება.

სწორ განვითარებას კიდევ მრავალი გარემოება უწყობს ხელს. დღევანდელ დროში ხშირად ვხვდებით მამა-შვილს, ქუჩაში, სკვერში, გასართობ და ხალხმრავალ, თავშეყრის ადგილებში, ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნოა, ისევე როგორც მამის შვილისადმი ზრუნვა.

ყველა მამას ვურჩევ, რაც შეიძლება ხშირად მოეფერონ პატარებს, მოუყევით ზღაპრები, ხშირად ეთამაშეთ მისი საყვარელი თამაშები, ახსნით ასწავლეთ ის, რაც აინტერესებს ან ის, რაც მისთვის სიახლეა, არ დაიზაროთ მათთვის ძილის წინ და ძილში კოცნა, რადგან ის ამას გრძნობს და ის თქვენ საყრდენ ძალად აღგიქვამთ, არ ანახოთ დაღლილობა, უხასიათობა, რადგან ის თქვენს მდგომარეობას იზიარებს და სწორედ ისეთივე განწყობა შეექმნება, როგორსაც გამოხატავთ. მამა-შვილი ეს ძალაა.

 

დავით მდივანი

ბლოგი