2021-04-14

2013 წლის დეკემბერი იყო, სამწუხაროდ, ახალ წელს უნდა მემუშავა და შვებულება წინასაახალწლოდ ავიღე, რომ ცოტახნით მაინც წავსულიყავი სოფელში და მოვსიყვარულებოდი მშობლებს და საყვარელ ბაბუას...
 
იქითა გზა შედარებით მშვიდი იყო, მშვიდი რა თქმა უნდა ჩემთვის, რადგან შეიძლება ითქვას, თვალდახუჭული ვიცოდი მაშინდელი "ჩორნი ხოდები"...
 
ერთი ბედნიერი კვირა ვიყავი სახლში, მოვისიყვარულე ყველა და მოვიდა დრო უკან დაბრუნების...
 
იქ ყოფნის პერიოდში ხშირად მესმოდა რომ გადამსვლელ-გადმომსვლელებს იჭერდნენ, თუმცა ასეთი რამეები ხშირდა ხდებოდა და სიმართლე გითხრათ, რატომღაც მეგონა, რომ მე, როგორც ყოველთვის ვამიმართლებდა...
 
25 დეკემბერი იყო, ჯერ კიდევ ბნელოდა, ბნელოდა და ყინავდა, ციოდა...
 
მამაჩემს ვუთხარი "საზღვართან" ახლოს მიმაცილე, ჩემით გადავალ, თუ დაგვიჭირეს 1 კაცის ჯარიმის გადახდა სჯობს 2 კაცისას-თქო (თუ არ ვცდები, 40 ლარი იყო მაშინდელი საჯარიმო გადასახადი რუსული მანეთის ექვივალენტი) - დამთანხმდა...
 
მაქსიმალურად შევამცირე დედაჩემის გამზადებული ნობათი, ისე რომ მოვრეოდი და გზას გავუდექით. სანამ სახლიდან გავიდოდი დედამ გამაფრთხილა, თუ დაგიჭირეს, ჩანთას გაგიჩხრიკავენ და თუ რამე ქართული საბუთი გიდევს, ჯობს ტანსაცმელში დამალოო. მეც ავდექი და პალტოს შესაკრავთან დავმალე, ქამარი ვიწროდ მოვიჭირე, რომ არ დამცვენოდა...
გავედით.
 
დამტოვეს "საზღვართან", მამაჩემს გამოვემშვიდობე და ვუთხარი, ნახევარ საათში თუ ტელეფონი არ ჩავრთე ე.ი. დამიჭირეს, თუ არადა დაგირეკავ-თქო...
დავადექი თხრილებიან, მავთულხლართებიან გზას...
 
შეგახსენებთ, დეკემბერია, ყველფერი მოყინულია და თითოეული ჩემი ნაბიჯი ამ გადათხრილ გზებზე საშინელ, ყინულის მტვრევის ხმას გამოსცემს და თითოეული კენჭის გაგორება, სადღაც შორს, ექოდ მეორდება...
 
მივდივარ სუნთქვაშეკრული, გათოშილი და სულ ცოტა, რამოდენიმე ნაბიჯიღა მაშორებს ეგრეწოდებულ სამშვიდობოს... მაგრამ, სამწუხაროდ, მე სამშვიდობომდე ვერ მივაღწიე...
ორი რუსი ჯარისკაცი გადმომიხტა ბუჩქებიდან 🙂
 
სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის წინ იყო აფხაზების ე.წ. შტაბი და იარაღიანი ჯარისკაცების ჩემს სიახლოვეს არსებობა, ჩემთვის თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, იმ მომენტში, იმ სიბნელეში, მარტოს ძალიან შემეშინდა, შემეშინდა და ავტირდი...
 
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რუსული არ ვიცი, ჰოდა რაც ვიცი, ისიც დამავიწყდა შიშისგან. ვერაფერი ვერ ვთქვი, მაგრამ მესმოდა როგორ მანუგეშებდა ერთ-ერთი, რომ არ შემშინებოდა, არ მეტირა თორემ მაკიაჟი გამიფუჭდებიდა, რომელიც არ მქონდა. მას შემდეგ კი, რაც გაიგო რომ თბილისში მივდიოდი, დასამშვიდებლად ისიც დაამატა, რომ ძალიან მოსწონს ქართული ცეკვები და ოცნებობს ერთხელ "ასა" იცეკვოს (აქ ხელის მოძრაობა და ილეთი გააკეთა "ასას" შეძახილთან ერთად).
 
არ მახსოვს რამდენი ხანი დავყავით იქ, ალბათ 10-15 წუთი, სანამ მანქანა მოვიდოდა...
 
წამიყვანეს ნაბაკევის განყოფილებაში, საპატიმროში თუ რაც არის არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ისეთი იყო, ფილმებში როგორიც გვინახავს - ბნელი, გრძელი დერეფნებით, ბევრი რკინის კარით და საკანი, სადაც იმ დღის პირველი პატიმარი მე აღმოვჩნდი, ანუ მე ცარიელ საკანში და ჯარისკაცები...
 
ერთი ძალიან კარგი თვისება მაქვს, იმაზე მეტად საშიშ სიტუაციას, რაც კონკრეტულ მომენტში ხდება, არასდროს წარმოვიდგენ-ხოლმე, პირიქით, ყველანაირ ნეგატივს ვბლოკავ და ვცდილობ მხოლოდ იმ კონკრეტულ სიტუაციაზე ვიფიქრო...
 
ჩემდა საბედნიეროდ ჩემს გასაჩხრეკად ქალი შემოიყვანეს, მაგრამ ჩემს ჩანთაში ვერაფერი იპოვეს ქაღალდის მსგავსი, ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო... ზუსტად ამ დროს მთხოვეს პალტო გამეხადა და შემეშინდა, ისე შემეშინდა, გეგონება იქ ბომბს ვმალავდი... პალტოს ქამარს რაც შეიძლება ნელა ვიხსნიდი, თითქოს დროს თუ გავწელავდი, რაღაც მოხდებოდა და თავს დავაღწევდი იმ საშინელებას, მაგრამ სამწუხროდ, როგორც კი ქამარი ოდნავ მოეშვა, ჩემი ყველა საბუთი, პლასტიკური ბარათი, ძირს მიმოიფანტა და ქალს აღმოხდა "ოი ოი ოი", თითქოს ჯეკპოტი მოიგო...
 
ჩემს საბუთებში ჯეკპოტი ნამდვილად აღმოჩნდა: საფულეში სამახსოვროდ ვინახავდი სტუდენტობის დროინდელ ჟურნალისტის მოწმობას, რომელიც პრაქტიკული ჟურნალისტიკის სწავლის პერიოდში დამიმზადეს და რატომღაც მისი გადაგდება არასდროს მიფიქრია. სწორედ ასე აღმოჩნდა საფულედან პალტოში ჩემი უწყინარი სტაჟიორის მოწმობა და მათი "ჯეკპოტი"...
 
მოფხიკეს ჩემი საბუთები და წაიღეს. დავრჩი მარტო, მალევე კარი ისევ გაიღო და ჩემს საკანში ქალი შემოიყვანეს ყვავილებით ხელში, აღმოჩნდა რომ ძმის საფლავზე მიდიოდა, ტიროდა და იმ მომენტში ის უფრო შემეცოდა, ვიდრე საკუთარი თავი...
 
შემდეგ კიდევ ორი, მამა-შვილი... და შემდეგ ჩვენ ყველანი ჩაგვსვეს ე.წ. ვილიქსში და წაგვიყვანეს გალში...
 
ნერვიულობა გამიმძაფრდა, ჩემებზე ვღელავდი, ვიცოდი რომ ინერვიულებდნენ და ვოცნებობდი იქნებ ვილიქსიდან ვინმე ვნახო ქუჩაში, რომ გადავძახო დამიჭირეს-თქო.
მართლაც გამიმართლა, ნათესავი ქალი ვნახე ეზოში და ვიყვირე დამიჭირეს-თქო...
 
გალში თარჯიმანი შემომიყვანეს, რაღაცეები გამომკითხეს და მიუხედავად ჩემი უწყინარი პასუხებისა, კაკებეს ჟურნალისტად შემრაცხეს და 1500 ლარით დამაჯარიმეს...
 
ეს თანხა არც ახლაა ცოტა იქ მაცხოვრებლებისთვის და არც მაშინ იყო, მითუმეტეს ჯიბეში ასე გადანახული არავის არ უდევს. ძალიან განვიცადე რომ ასეთ ცუდ სიტუაციაში ჩავაგდე ჩემი მშობლები... მაგრამ მამაჩემი იქ როგორ დამტოვებდა და რამოდენიმე საათში მოიტანა თანხა.
 
გაგვატარეს ათასნაირი უაზრო ფორმალობა, თავისი სასამართლოთი და ბოლოს აღმოვჩნდით ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოთახში (სახელი და გვარი მახსოვს, მაგრამ შეგნებულად არ დავასახელებ, რუსი იყო). აიღო ხელში მამაჩემის "მირთმეული" 1500 ლარი, 1000 ხელში ჩაითვალა, დარჩენილი 500 კი, ისე რომ არც დაუთვლია, უკან გამოუწოდა მამაჩემს და რუსულად რამდენიმე გადაბმული წინადადება თქვა, მერე მე შემომხედა და ღმილიანი სახით მითხრა რაღაც. როგორც შემდეგ მამამ მითარგმნა დაახლოებით ასე ჟღერდა: "ასეთ დროს, ასე ადრე გოგო მარტო არასდროს გაუშვა და ეს 500 ლარი ჩემგან საჩუქრად, კარგი გოგოა და ღმერთმა იცის როგორი დრო მოვა, იქნებ რამეში ჩვენც დაგვჭირდეს და როცა მე მიყურებდა, თქვა, რომ ასე არასდროს გადმოვიპარო, ოფიციალურად გადავიდე-ხოლმე და მაინც თუ ოდესმე რამე გამიჭირდებოდა მეკითხა მისი სახელი და გვარი (რომელიც სწორედ აქედან დამამახსოვრდა) და ის ყოველთვის დამეხმარებოდა.
 
შეიძლება გაგეცინოთ (ახლა მეც მეცინება) მაგრამ იმ მომენტში, ასეთი სტრესული დღის მერე, მართლა მეგონა ის 500 ლარი ჩვენი ფული კი არა, მართლა მან ამოიღო ჯიბიდან და მაჩუქა... 🙂
 
3 წლიანი დეპორტი მომცეს და ესკორტით გამაცილეს ხიდამდე, გზაში დიანა ღურწკაიას რომელიღაცა ქართული სიმღერა ჩამირთეს (მართლადედას ვფიცავარ) და ხიდის თავში დამსვეს...
ახლა როგორ გინდა ხიდის მეორე მხარეს (ქართულ მხარეს) აუხსნა, როგორ მოხვდი უკანა გზაზე ისე რომ იქითა გზა არ გიფიქსირდება, თუმცა ვიცოდი ყველანაირად რკინა და უგულო უნდა ვყოფილიყავი, ისეთი რომ ზედმეტი კითხვების დასმა არავის ნდომებოდა და ტელევიზიები და მსგავსი რამეები თავიდან ამერიდებინა, რადგან იქ ჩემი ოჯახი იყო და მე ზედმეტის თქმის უფლება არ მქონდა...
 
კითხვები როგორც მოგეხსენებათ სტანდარტული იყო, როგორ დაგიჭირეს, რამდენი გადაიხადე, რამე ხომ არ დაგიშავეს და ა.შ. რაზეც ვუპასუხე, რომ ყველაფერი სტანდარტულად მოხდა და ისინიც (რუსები) თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, ისევე როგორც თქვენ და სათქმელი არაფერი მქონდა ამ საკითხზე და რომ თბილისში წასვლა მეჩქარებოდა და მეტ დროს ვერ დავხარჯავდი, რაზეც გულის ტკივილი გამოხატა ქართველმა წარმომადგენელმა, რომ საზღვარს იქით ყველაფერზე შეგვეძლო გველაპარაკა და საზღვარს აქეთ (ვციტირებ) "ვერაფერ ცუდს ვერ დაგვაცდევინებდა კაცი რუსებზე და აფხაზებზე"...
 
მოკლედ, ძალიან გრძელი ნაწერი გამომივიდა, ტექსტი არ არის შელამაზებული, პირიქით მცირე დეტალები შევეცადე საერთოდ გამომეტოვებინა, იმდენად გრძელი დღე იყო, ისეთი ემოციური და დამთრგუნველი, მახსოვს საბოლოოდ ყველაფერმა როგორ ამოხეთქა, როცა თბილისის მარშუტკაში ჩავჯექი, ყველა ემოცია ერთად ვიტირე...
პ.ს. მას მერე, სანამ დეპორტს ვადა გაუვიდოდა, გავბედე და ორჯერ მაინც გადავიპარე, კიდევ ბევრჯერ წავალ და კიდევ იგივე გზას გავივლი ალბათ უამრავჯერ, როგორც კი ამის შანსი მომეცემა...
 
მასალა გადმოტანილია ახალგაზრდული მოძრაობის გვერდიდან ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან • We exist -The voice from Abkhazia

ბლოგი