2020-04-11

ცივი ომის დასრულება მხოლოდ ერთი ბლოკის დაშლას და მეორე ბლოკის გამარჯვებას არ ნიშნავდა საერთაშორისო პოლიტიკაში, არამედ სრულ ტრანსფორმაციას გამარჯვებულებისთვისაც, დამარცხებულებისთვისაც და განზე მდგომთათვისაც, შიდა თუ საგარეო საფრთხეების ახლებურ გააზრებას, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ანალიზს...

საერთაშორისო უსაფრთხოების სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიებს ცალი თვალითაც რომ ჩავხედოთ, დავინახავთ რომ უსაფრთხოების კლასიკური, ტრადიციული გამოწვევები (ომი, კონფლიქტი თუ ბირთვული იარაღი), სარჩევის ერთ კუთხეშია მიმწყვდეული, აქცენტი კი კეთდება უსაფრთხოების არასამხედრო ასპექტებზე: სოციალური უთანასწორობა, ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება, სიღარიბე, ჯანდაცვა და ეპიდემიები... 

საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციას თან დაერთო ციფრული რევოლუცია და მასზე დაფუძნებული გლობალიზაცია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ სერვისების გამარტივებას და გაიაფებას, არამედ თვისობრივად ცვლის კაცობრიობისთვის ნაცნობ და გააზრებულ პირადი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტს.

სულ უფრო მზარდად ციფრულ გლობალიზაციას მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციად მოიხსენიებენ, რომელიც მიმდინარე პროცესია და მის შედეგებზე სრულიად ნაადრევია საუბარი. თუმცა უდავო ფაქტია ის, რომ წინარე სამი ინდუსტრიული რევოლუციის დროს თვისობრივად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობა, ხოლო  მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება თავისი შედეგებით.

რა არის ის მთავარი იდეა, რაც იცვლება ამჟამად და შეიცვლება მომავალში? - უპირველეს ყოვლისა ის, რომ ერთის მხრივ ძალა და მეორეს მხრივ გამოწვევევები, აღარ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოებს ან თუნდაც სახელმწიფოთა მიერ შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებს - ადამიანთა ჯგუფს, ან თუნდაც ინდივიდს, ან თუნდაც უსულო ბაცილას შეუძლია გამოწვევის წინაშე დააყენოს სახელმწიფოთა საუკუნეებით ნაშენები სისტემები. ყველაზე დიდი იარაღი კი ხდება ინფორმაცია. სახელმწიფოს სტაბილურობა სულ უფრო მზარდად უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტების უნარს, რამდენად სწრაფად შეძლებს მრავალრიცხოვანი და ხშირად ურთიერთწინააღმდეგობრივი ინფორმაციის ანალიზს, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ანალიზზე დაფუძნებული რეაგირება...

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო სისტემური ცვლილებები თუ კრიზისული პერიოდები ნიშნავს საფრთხეს დაკარგოს მოპოვებული კეთილდღეობა თუ პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკაში, ან დაძლიოს კრიზისი, მოახდინოს სისუსტეების ანალიზი და მომზადებული შეხვდეს ახალ კრიზისებს. არა მხოლოდ მიმდინარე პანდემიის პერიოდში, ათწლეულებია მიმდინარეობს დისკუსია რომელი პოლიტიკური სისტემა უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ. აქსიომად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარდამავალი და ჰიბრიდული რეჟიმები, პოსტ-კრიზისული საზოგადოებები და არშემდგარი სახელმწიფოები ყველაზე მოწყვლადია ნებისმიერი გამოწვევის წინაშე, იქნება პანდემია, ეკონომიკური კრიზისი თუ საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაცია.

რაც შეეხება დემოკრატიული და სხვადასხვა ტიპის ავტოკრატიული სისტემების შედარებას, პოლიტიკის თეორიების მარტივი ფორმულაა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ხშირად ავტოკრატიული რეჟიმები უფრო ეფექტურად ახერხებენ კრიზისებზე რეაგირებას, ვიდრე დემოკრატიული სისტემები. რასაკვირველია, ეს ხდება ძალაუფლების ცენტრალიზაციის და ადამიანის უფლებათა უგულებელყოფის ხარჯზე. თუმცა, მსგავსი შედეგი ყოველთვის მოკლევადიანია.

დემოკრატიული სისტემა გულისხმობს საერთო სახალხო ჩართულობას პოლიტიკის წარმოებაში ადამიანის უფლებების დაცვით, რაც სისტემას მეტ-ნაკლებად მოუქნელს ხდის სწრაფი გადაწყვეტილებების აუცილებლობის დროს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი სისტემები არიან სიცოცხლისუნარიანი. ისტორიული მაგალითები კარგად ახდენს ილუსტრირებას, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს თუ ბზარი გაუჩნდა, მისი ჩამოშლა ზვავივით სწრაფად ხდება მასშტაბური ნგრევითა და ტრაგიკული შედეგებით. ყველას გვახსოვს უახლოესი წარსულიდან სსრკ ჩამოშლა თუ დიქტატურების რღვევა ახლო აღმოსავლეთში.

ისევე, როგორც სხვა ყველა თეორიასთან თუ ფორმულასთან მიმართებაში, ციფრული გლობალიზაცია ამ შემთხვევაშიც ცვლის მოვლენათა ლოგიკას. ჩნდება ახალი კრიტერიუმი, რომელიც  მნიშვნელოვანია უკვე აწმყოში და  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება ახლო მომავლში - ტექნოლოგიური განვითარება.

ხელოვნური ინტელექტის გამოგონება და მაღალტექნოლოგიური სისტემები დასავლური დემოკრატიების პირმშოა. სწრაფი ეკონომიკური სასწაულებით ცნობილმა აზიის ვეფხვებმაც დასავლური მოდელების საფუძველზე შექმნეს პოლიტიკური სისტემების საკუთარი ვერსიები და მიაღწიეს უპრეცედენტო წარმატებას.

აღნიშნულ კონტექსტში გამონაკლისად რჩება ჩინეთი, რომელიც ინარჩუნებს ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ ახერხებს სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას. ჩინეთი არა მხოლოდ ამ კონტექსტში, ბევრ სხვა კრიტერიუმთან მიმართებითაც დილემად რჩება ბევრი ექსპერტისთვის. დღეს ჩინეთის, როგორც მსოფლიო გამოწვევის შესახებ დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საერთაშორისო ასპარეზზე აკადემიურ, ექსპერტულ თუ პოლიტიკურ წრეებში და ეს თემა ცალკე განხილვის საგანია.

რაც შეეხება საქართველოს, რასაკვირველია ახალბედა სახელმწიფოებისთვის კრიზისებთან გასამკლავებლად  უპირველესი კრიტერიუმია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს 90-იანი წლების მასობრივი ქაოსის დროს როგორი იქნებოდა ჩვენი გამძლეობა თუმდაც COVID19-თან მიმართებაში? საბედნიეროდ, მოვასწარით პოლიტიკური ინსიტუტების შექმნა, რომლებიც მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, მუშაობს იმაზე ეფექტურად, ვიდრე ბევრ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოში. გარდა ამისა, ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს პატარა ქვეყნის და მოსახლეობის სიმცირის ფენომენიც. პატარა ქვეყანა აღარ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობების მატარებლად 21-ე საუკუნეში, ხშირად პირიქით. ის სისუსტეები, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია ეკონომიკის განვითარების და საერთაშორისო ჩართულობის მასშტაბების მიმართულებით, ასევე რისკების შემცირების წინაპირობა აღმოჩნდა პანდემიის პირობებში. თუმცა სამომავლოდ ამ გზის გაგრძელება სახელმწიფოს სიკეთეს ვერ მოუტანს. ეკონომიკური მდგრადობა და განვითარება სახელმწიფოს არსებობის საფუძველია გრძელვადიან პერსპექტივაში.

მიმდინარე მსოფლიო პანდემია ყველა სახელმწიფოსთვის გახდება საფუძველი გაიზროს საკუთარი სისუსტეები და მომზადებული შეხვდეს ახალ კრიზისებს. საქართველოს სახელმწიფომაც აუცილებლად უნდა იზრუნოს სამომავლო რისკების მენეჯმენტზე. მაგალითად, მოვიტან მხოლოდ იმ სფეროს, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ - განათლების სისტემას. მრავალი წელია ექსპერტები აღნიშნავენ ჩვენი განათლების სისტემის (იქნება სასკოლო თუ უმაღლესი) მთავარ სისუსტეს - დიგიტალიზაციის დაბალი დონე, ახალი ტიპის ცოდნისა თუ უნარების დეფიციტი, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სხვ. მოსახლეობა მეტ-ნაკლები გულგრილობით ხვდებოდა მსგავს ანალიზს მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა უკლებლივ ყველა ოჯახს ეხება და ყველანი ვთანხმდებით, რომ განათლება სახელმწიფოს მომავლის საფუძველია.

დღეს, პანდემიის პირობებში, ფორსმაჟორულ მდგომარეობაში გვიხდება იმ გამოწვევების დაძლევა, რისთვისაც სულაც არ ვიყავით მზად და სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება ისევ ერთეულთა პირადი სამოქალაქო გმირობის ხარჯზე ხდება. მსგავსი გამოწვევის წინაშეა ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტიც.

პანდემიის დასრულებისთანავე უნდა შევუდგეთ მასობრივ რეფორმებს, უნდა დავივიწყოთ „ქართულ ტრადიციად“ შერაცხული ნეპოტიზმი თუ უდარდელობა და პროფესიონალიზმი ვაქციოთ მთავარ ღირებულებად. საუკუნეებია ვოცნებობდით სუვერენიტეტზე, და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რომ სუვერენიტეტი ნიშნავს ადამიანთა პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მომავლის მიმართ.

 

გვანცა აბდალაძე

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი

სპეციალურად „მშობელისთვის“

 

 

ბლოგი