2020-03-10

10 მარტი, მილანი - სიტუაცია დღითიდღე მძაფრდება. სრული იზოლაციაა გამოცხადებული.

პრემიერ-მინისტრმა სახლში დარჩენის ბრძანება გასცა, მხოლოდ პროდუქტების ყიდვის მიზნით თუ გახვალ ახლომდებარე მარკეტში, ან გადაუდებელი აუცილებლობით, სხვა შემთხვევაში ჯარიმა 200€-ა.

მთელ იტალიაში სკოლები 3 აპრილამდე დაიკეტა, გაუქმდა საფეხბურთო თამაშები, მხოლოს აუცილებელი დაწესებულებებია გახსნილი - აფთიაქი, მარკეტი, საავადმყოფო.

გასვლის უფლება რომ მიიღო, სპეციალური ბლანკი უნდა შეავსო, სადაც უთითებ ვინ ხარ და რა დანიშნულებით გადიხარ.

ჯერ კიდევ გუშინ, ბარებში სამუშაო საათები შეამცირეს. დღეს რიგითი იტალიელი ყავის დასალევათაც ვერ გავა კაფეში.

აფთიაქებში შეხვდებით სადისტანციო ხაზებს, რაც მიგითითებს რომ ორ მეტრზე ახლოს არ უნდა მიუახლოვდე შენს წინ მდგომს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იტალიელებმა ქუჩების დაცლა და მაღაზიების აფსოლუტური დახურვა ეხლა დაიწყეს, იმ დროს როცა ვაწყდები სალონებს, სადაც აზიელებს უკვე თებერვლიდან აქვთ შეწყვეტილი მუშაობა. როგორც ჩანს მათ წინასწარ გათვალეს მოსალოდნელი შედეგები.

დიდ არეულობას იწვევს ციხეებში დაწესებული შეზღუდვა, რაც პატიმრების ნახვის შეზღუდვას გულისხმობს. ქალაქ ფუჯაში 250 პატიმარი აბუნტდა, აქედან 20-მა გაქცევა მოახერხა. 16 მალევე, დანარჩენი ოთხი კი მოგვიანებით, სხვა ქალაქში დააკავეს. ასევე, ქალაქ მოდაში 7 პატიმარი, ამბულატორიაში შეჭრა და ოპიუმის გადამეტებული დოზით გარდაიცვალა. 

ხალხი საკვების მომარაგებას ცდილობს, თუმცა პანიკა არ იგრძნობა. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ პირბადეს ვხედავ, მაგრამ ზოგადად, აქაურებს სიფრთხილე ნაკლებად ახასიათებთ.  ხასიათით ქართველებს გვანან, ბევრია ვინც ფიქრობს რომ მთავრობა სპეციალურად აწყობს ხალხის შესაშინებლად და ფულის საშოვნელადო.

იტალიელი ანესთეზისტი მონიკა მაფეი კვარანტენაშია, ცხოვრობს და მუშაობს სარდენიაში, სამოგზაუროდ იყო ნაპოლიში. როგორც კი დაბრუნდა სამსახურში, უთხრეს რომ უნდა დაბრუნდეს სახლში და 14 დღე სახლიდან არ გავიდეს.

ამბობენ, თუ ამბულატორიები გადაივსება, 60 წელს გადაცილებულებს, არც უმკურნალებენო. ექიმები ამბობენ, რომ გადარჩევა უნდა მოხდეს, შესაბამისად, როცა ქუჩაში ასაკიან ადამიანს ხედავ, იცი რომ განწირულია.

არ ვიცით რა მოხდება ხვალ, რადგან ყოველ დღე იცვლება და უარესდება ვითარება.

 

სპეციალურად "მშობელისთვის", ციცი ხაბელაშვილი მილანიდან

ბლოგი